არ მგონია, არსებობდეს მიზეზი იმისა, რომ ვინმემ პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაში განსხვავებული ქვეტექსტის ძიება და საზოგადოებისთვის სპეკულაციური ინტერპრეტაციების შეთავაზება დაიწყოს – ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტის გამოყენება იმ შესაძლო რისკების დამზღვევად, რომლებსაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კონფიგურაცია შეიძლება აჩენდეს, მხოლოდ აპლოდისმენტებს იმსახურებს! – აცხადებს “ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე.
მისივე თქმით, ყველასთვის, ვინც სახელისუფლო პარტიის გულშემატკივარია, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ, სასიხარულოა.
“როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მისი გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის დეტალურად იყო ახსნილი. პოლიტიკაში დაბრუნების დროსაც მკაფიოდ და ცხადად განმარტა მიზეზები, რის გამოც მან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს იმას, რომ რა საჭიროებებიც ქვეყანას უდგას – უპირველეს ყოვლისა, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დიდია მმართველ პოლიტიკურ პარტიაზე დაკისრებული პასუხისმგებლობა – ბუნებრივია, რომ ეს სწორი არგუმენტაციაა. ბიძინა ივანიშვილს კითხვის ნიშნები არ დაუტოვებია, როდესაც ის პოლიტიკაში დაბრუნდა. პირველ რიგში, მე ამ ამბავს ჩვენს გუნდს ვულოცავ – ეს მთელი ქვეყნის ინტერესებისთვის მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლო იქნება. რაც შეეხება ოპოზიციის უსუსურ მცდელობებს, რომ დასახელებული არგუმენტების მიღმა საზოგადოებას არასწორ ინტერპრეტაციები შესთავაზონ და განსხვავებული მიზეზები დაანახონ, არც ერთი მათგანი სერიოზულად განსახილველად არ ღირს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.