,,ელექტროენერგიის გამომუშავების შემცირება მოთხოვნის შემცირებამ გამოიწვია, რაც თავის მხრივ, შემცირებულ მეტალურგიულ წარმოებას უკავშირდება”- დავით მირცხულავა
ივნისში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 11.2%-ით 1343 გვტ. საათამდე შემცირდა. უშუალოდ ჰესების გამომუშავება 2024 წლის ივნისთან შედარებით 12%-ით 1328 მგვტ.სთ-მდეა შემცირებული. ქვეყანაში დენის გამომუშავება 6 თვეშიც შემცირებულია.
TBC Capital-ის ინფორმაციით, იანვარ-მაისში საქართველოში გენერაცია თითქმის 10%-ით 6626 გვტ.სთ-მდეა შემცირებული.
ენერგეტიკოსს დავით მირცხულავას შეფასებით, ელექტროენერგიის გამომუშავების შემცირების მიზეზი ენერგიაზე ნაკლები მოთხოვნაა, რაც თავის მხრივ მეტალურგიის დარგში ნაკლებ წარმოებას უკავშირდება.
„ელექტროენერგიის გამომუშავების შემცირება მოთხოვნის შემცირებამ გამოიწვია, რისი ძირითადი მიზეზიც მეტალურგიულ წარმოებას უკავშირდება. ასევე ნაწილობრივ შემცირდა მოხმარება ელექტროენერგიაზე ოკუპირებულ აფხაზეთშიც, სადაც მაინინგთან ბრძოლა გრძელდება. არ ვფიქრობ, რომ გამომუშავების შემცირება ენგურჰესზე მიმდინარე რემონტს უკავშირდება, ენგურზე სარემონტო სამუშაოები პერმანენტულად იქნება, მთელი ექსპლუატაციის მანძილზე; საუბარი თუ გვირაბის გაჩერებაზეა, ეს როგორც მოგეხსენებათ, წელს და ახლა არ მომხდარა, თანაც სამი თვით როცა ჩერდება ხოლმე ენგურჰესი, ესეც არ ყოფილა გაჩერებული. გვირაბი სარემონტო მომავალშიც იქნება და საცემენტო სამუშაოების ჩატარებასაც მუდმივად მოითხოვს ენგურის ჰიდროელექტროსადგური“,- აღნიშნა ენერგეტიკოსმა დავით მირცხულავამ.
