ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე კვლავ ამტკიცებს, რომ მზად არიან აშშ-სთან ურთიერთობის “სუფთა ფურცლიდან გასაახლებლად”. ეს განცხადება მან რუსთავი 2-ის ეთერში გააკეთა.
ის ირწმუნება, რომ ამაზე “ხმამაღალი განაცხადი” აქვთ გაკეთებული და “მზად არიან, ეს გააკეთონ კონკრეტული გზამკვლევით, სადაც აისახება ორმხრივი სარგებელი – როგორც საქართველოსთვის, ასევე აშშ-სთვის”.
ოცნების პრემიერის თქმით, აშშ-სგან “ჯანსაღ და სამართლიან დამოკიდებულებას” ელოდებიან.
“ბატონი ბიძინა ივანიშვილის ერთგვარი უარის შემდეგ, მოხდა მნიშვნელოვანი რამ – ერთ დღეს, რეალურად გადააყენეს ამერიკის ელჩი საქართველოში და იმავე დღეს ჩვენ მივიღეთ ე.წ. აგრემანი, ანუ თანხმობა, საქართველოს ელჩის დანიშვნაზე და დაინიშნა თამარ ტალიაშვილი აშშ-ში საქართველოს ელჩად. ეს მოხდა დემონსტრაციულად ერთ დღეს, მას შემდეგ, რაც უარი ითქვა წერილის მიღებაზე. რა თქმა უნდა, ეს არის ერთგვარი ჟესტი და მადლობელი ვართ ამ ჟესტისთვის.
რეალურად, შეიძლება თამამად ითქვას, რომ წინა ორი ელჩის პირობებში, ნუ, მანამდე იყო მესამეც, იქაც ბევრი რამ გაფუჭდა, მაგრამ, განსაკუთრებით წინა ორი ელჩის პირობებში თვისებრივად გაუარესდა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და კონკრეტულად ელჩებმაც შეიტანეს ამაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი, სამწუხაროდ. რა თქმა უნდა, ელჩის გადაყენება, ჩვენი ელჩისთვის თანხმობის მიცემა მნიშვნელოვანი ჟესტია, მთავარია, ამას ჰქონდეს შემდგომი განვითარება და ჩვენ ამას ველოდებით.
ჩვენ ველოდებით, რომ არა მცდელობას, რომ შანტაჟის ქვეშ გზავნილები გაგვიზიარონ, არამედ ველოდებით ჯანსაღ და სამართლიან დამოკიდებულებას. თუ იქნება ჯანსაღი და სამართლიანი დამოკიდებულება, ვფიქრობ, ვერაფერი დაუდგება წინ ურთიერთობების გადატვირთვას. ჩვენ გვაქვს ძალიან ხმამაღალი და მაღალი განაცხადი გაკეთებული. ჩვენ გვაქვს ნათქვამი მარტივი რამ, მაქსიმუმზე გვაქვს განაცხადი გაკეთებული – როგორც კი გადმოიდგმება ნაბიჯი, ჩვენ მზად ვართ, მთლიანად სუფთა ფურცლიდან, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი რამ გაფუჭდა, განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და უფრო მეტიც, მზად ვართ, რომ ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, სადაც აისახება ორმხრივი სარგებელი, როგორც საქართველოსთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ამაზე ხმამაღალ განაცხადს ვერ გააკეთებ. ვართ მოლოდინის რეჟიმში და იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ შემხვედრ ნაბიჯებს”, – ამბობს ის.
