დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რუსეთის ე.წ. “ჩრდილოვანი ფლოტის” 135 ხომალდს

დიდმა ბრიტანეთმა 21 ივლისს გამოაცხადა ს წინააღმდეგ შემოღებული ახალი სანქციები. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლემის თანახმად, სანქციებმა რუსეთს უნდა წაართვას ნავთობისგან მიღებული მნიშვნელოვანი მოგება, რომელსაც ისინი იყენებენ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დასაფინანსებლად.
სანქციათა სიაში შეტანილია 135 ტანკერი, რომლებიც, ბრიტანეთის ხელისუფლების თანახმად, ე.წ. “ჩრდილოვანი ფლოტის” შემადგენლობაშია – რუსეთი ამ ფლოტის დახმარებით ახდენს ნავთობის და ნავთობპროდუქტების ექსპორტს. ლონდონის თანახმად, 2024 წლიდან ამ ტანკერებით გადატანილ იქნა 24 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსეთის ნავთობი.
სანქციები შეეხო ასევე ორ კომპანიას, რომლებსაც კავშირი აქვთ რუსეთის ნავთობის ტრანსპორტირებასთან. ესენია კომპანია Litasco Middle East – რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, წარმოადგენს ნავთობკომპანია “ლუკოილის” უცხოეთის განყოფილებას და არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია დაფუძნებული. ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია განთავსებული მეორე კომპანიაც, სახელად Intershipping Services.
გასულ კვირაში დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სიაში შეიყვანა რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს (გრუ) 18 სავარაუდო ოფიცერი. ამასთან, ბრიტანეთი შეუერთდა ევროკავშირის გადაწყვეტილებას რუსეთის ნავთობზე დაწესებული მაქსიმალური ფასის შემცირების შესახებ. ევროკავშირის სანქციათა პაკეტში – რომელიც ასევე გასულ კვირაში გამოცხადდა – შეყვანილია ე.წ. “ჩრდილოვანი ფლოტის” 105 ხომალდი და ათობით იურიდიული თუ ფიზიკური პირი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ