ლანა გალდავა – ბოიკოტი მიგვაჩნია უმოქმედობად და პასიურ მდგომარეობაში ყოფნად – ვიცით, რომ მთავარი ბრძოლა გვაქვს მოსაგები, გვაქვს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

ბოიკოტში, გარდა პასიური მდგომარეობისა და უმოქმედობაში გადასვლისა, სხვა გზა ვერ დავინახეთ. ჩვენ გვირჩევნია აქტიური მოქმედება და აქტიური მოქმედება გამოიხატება ბრძოლის ხაზში , – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ლანა გალდავამ განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, არსებული პოლიტიკური რეალობის პირობებში, ერთადერთი გზა რჩება აქტიური წინააღმდეგობა, რომელიც მოიცავს როგორც ქუჩის პროტესტს, ასევე, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.
მისივე განმარტებით, „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებს განიხილავს, როგორც ბრძოლის ინსტრუმენტს, რომელიც ახალი საპარლამენტო ს მოთხოვნასთან ერთად, უნდა გახდეს ხელისუფლებაზე ზეწოლის მექანიზმი.
„ჩვენ ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებს განვიხილავთ, როგორც ბრძოლის დამატებით ინსტრუმენტს, რა თქმა უნდა, ქუჩის პროტესტთან ერთად. ჩვენ ვიცით, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები ხელახლა არის დასანიშნი, ცხადია, ორი მთავარი მოთხოვნა, რაც არის – ხელახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება ეს დღის წესრიგში იდგა, დგას და იდგება მომავალში. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციის საკითხს, ევროპარლამენტმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ გარდა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნისა, არ მოხდება [ლეგიტიმაცია].
მიგვაჩნია, რომ თვითმმართველობის არჩევნების მიმართულებით საჭიროა ამ ინსტრუმენტის გამოყენება. ჩვენ ბოიკოტში, გარდა პასიური მდგომარეობისა და უმოქმედობაში გადასვლისა, სხვა გზა ვერ დავინახეთ. ჩვენ გვირჩევნია აქტიური მოქმედება და აქტიური მოქმედება გამოიხატება ბრძოლის ხაზში“, – განაცხადა გალდავამ.
როგორც გალდავამ განმარტა, „ლელო“ არ იკავებს ოპონირების პოზიციას სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ და პატივს სცემს ბოიკოტის გზის არჩევას, მიუხედავად იმისა, რომ თავად ამ სტრატეგიას არ იზიარებენ.
მან ასევე აღნიშნა, რომ 19 ივლისის აქციაში პარტიამ გააზრებულად არ მიიღო მონაწილეობა, რადგან არ იზიარებდნენ აქციის მთავარ მოთხოვნას – უარი თვითმმართველობის არჩევნებს.
„ოპოზიციის ოპოზიცია არ გავხდები და მათი მისამართით ეპითეტებს არ გამოვიყენებ, რაც შეეხება გეგმებს, მათ გამოიყენეს ბოიკოტის გზა. პატივს ვცემ, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ ეს გზა არის მათთვის სწორი, ჩვენ კი ბოიკოტი მიგვაჩნია უმოქმედობად და პასიურ მდგომარეობაში ყოფნად. რაც შეეხება 19 ივლისის აქციას, აქციის მოთხოვნა გახლდათ ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებისთვის უარის თქმა და როდესაც აქციის მთავარ მოთხოვნას არ ეთანხმები, ცხადია, გააზრებულად არ მივიღეთ მონაწილეობა.
ჩვენ არ ვართ ოპოზიციის ოპოზიცია და დანარჩენი ოპოზიცია არ გვყავს სამიზნედ. ჩვენ ვიცით, რომ მთავარი ბრძოლა გვაქვს მოსაგები. გვაქვს ჩვენი სტრატეგია, ჩვენი სამოქმედო გეგმა“, – განაცხადა გალდავამ.