ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, რომლებიც თავისუფლებაში არიან, გადაწყვიტეს, რომ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტის პლან “ბ“ პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი ლიდერების წინააღმდეგ ბრძოლა ყოფილა – ბოიკოტის მომხრე ოპოზიციურმა პარტიებმა გადაწყვიტეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ნაცვლად, ოპოზიციას ებრძოლონ! – ასე ეხმაურება პარტია “გახარია საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური 19 ივლისის საპროტესტო აქცია-მსვლელობას, რომლის ორგანიზატორები თვითმმართველობის არჩევნების მიმართ ბოიკოტში მყოფი პარტიები, აქტივისტები, სტუდენტები და აქციების დროს დაპატიმრებულთა ოჯახის წევრები იყვნენ.
როგორც ბუჩუკურმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა, “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ყველას კარგად ესმის, რომ ადგილობრივი არჩევნები ცენტრალური პოლიტიკის განმსაზღვრელი არჩევნები არ არის, მაგრამ მისივე თქმით, “განსაზღვრავს იმას, ვჩუქნით თუ არა და ვუბრუნებთ თუ არა უკან ბიძინა ივანიშვილს მოწყვეტილ ამომრჩეველს“.
ბუჩუკურმა აღნიშნა ისიც, რომ 19 ივლისის აქციაზე პირადად არ იმყოფებოდა, მაგრამ აქციაზე იყო მათი პარტიის რამდენიმე მხარდამჭერი, ვინც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მომხრეა.
“მე ერთმანეთისგან განვასხვავებ რიგით მოქალაქეებს და ოპოზიციური პარტიების იმ წარმომადგენლებს, რომელიც ამბობენ, რომ ამ აქციის ლიდერები არიან.
ჩვენ ოპოზიციის წარმომადგენლებს ვეუბნებოდით: – კი ბატონო, ბოიკოტი თქვენი ნებაა, მაგრამ გვითხარით, რა არის თქვენი გეგმა ბოიკოტის მიღმა. გეგმა გამოავლინეს – ოპოზიციური პარტიები ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლაზე გადავიდნენ! ამის დადასტურებაა განცხადებები, რომელიც მათ აქციის პარალელურად გააკეთეს. მივიღეთ მოცემულობა, რომ ოპოზიციური პარტიები ივანიშვილის ნაცვლად, ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლაზე არიან გადასული – ისინი ივლიან რეგიონებში და ჩაატარებენ კამპანიას ოპოზიციის წინააღმდეგ.
თავისუფლებაში მყოფმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა იმ პარტიების წინააღმდეგ დაიწყეს ბრძოლა, რომელთა ლიდერთა ნაწილი საპატიმროშია და რომელთა ლიდერების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
“ოცნების“ ინტერესი იყო, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთ ქვაბში მოეხარშა. ამას ბევრი წლის განმავლობაში ახერხებდა, როცა “ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციურ პარტიებს თავზე ქუდად აჯდა. “ოცნებას“ „ერორი” დაემართა მას შემდეგ, როდესაც ოპოზიციურ სპექტრში სხვადასხვანაირი არჩევანი გაჩნდა.
ფაქტია, რომ ეს სხვადასხვანაირი არჩევანი მხოლოდ ოპოზიციისთვის კი არ არის პრობლემა, პრობლემაა “ნაცმოძრაობისთვისაც“. ამიტომ არის, რომ ხშირად გიორგი გახარიას გუნდის წინააღმდეგ “ოცნებისა“ და “ნაცმოძრაობის“ ნარატივი ერთმანეთს 100%-ით ემთხვევა – არც ერთს არ აწყობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს “ოცნებისა“ და “ნაცმოძრაობის“ მიღმა არჩევანი ჰქონდეს. ამას ებრძვის ერთიც და ებრძვის – მეორეც!“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრისას ბუჩუკურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ პარტიას “ქართული ოცნების“ ამომრჩევლების გადმობირების უპირატესობა გააჩნია.
“მოქალაქეებთან ჩემი მთავარი სათქმელი იქნება, რომ დღეს “ოცნება“ მათ შვილებს თავისუფალ, დემოკრატიულ მომავალს აკარგვინებს. ჩვენი მიზანია, რომ ამომრჩეველი “ოცნებასთან“ მარტო არ დავტოვოთ. ჩვენს პარტიას აქვს უპირატესობა იმისა, რომ “ოცნების“ ამომრჩეველი გადმოვიბიროთ. ჩვენ გვაქვს წვდომა “ოცნების“ ამომრჩეველთან და მნიშვნელოვანია, რომ ამ ხალხს ვესაუბროთ.
როგორ გგონიათ, “ქართული ოცნების“ მხრიდან მოქალაქეებზე სისტემური ძალადობის პირობებში, მათ ამომრჩევლებს ძვრა არ ჰქონია და მან ამომრჩეველი არ დაკარგა?! თუ ჩვენ “ოცნების“ ამომრჩევლის ალტერნატივას არ შევთავაზებთ, ეს ამომრჩეველი სად წავა?! ანუ ვჩუქნით ივანიშვილს ამომრჩეველს?!
ამ კითხვაზე პასუხი ჩვენი ბოიკოტისტი კოლეგებისგან რომ ვერ მივიღეთ, ადგნენ და ჩვენ წინააღმდეგ აგრესიული კამპანია დაიწყეს“, – განაცხადა ბუჩუკურმა.
