20 ივლისს გამოქვეყნებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ აშშ-ის ხელისუფლებაში რესპუბლიკელი პრეზიდენტის – დონალდ ტრამპის მოსვლის ექვსი თვის თავზე, ამერიკელებში შემცირდა მხარდაჭერა დონალდ ტრამპის მიერ არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ მიღებული მკაცრი ზომების მიმართ.
ტრამპმა გასული წლის არჩევნები ნაწილობრივ ისტორიული დეპორტაციის კამპანიის დაწყების დაპირებით მოიგო, როცა თავისი მომხრეები წააქეზა არალეგალური მიგრანტების მიერ ჩადენილი მასობრივი ძალადობის შესახებ გაზვიადებული ბრალდებებით, რომლებსაც მან „ველურები“ და „ცხოველები“ უწოდა.
როგორც CNN-ის, ასევე CBS-ის გამოკითხვები აჩვენებს, ტრამპმა დეპორტაციისადმი თავისი მიდგომის გამო უმრავლესობის მხარდაჭერა დაკარგა.
CNN-ის ცნობით, გამოკითხულთა 55% მიიჩნევს, რომ ძალიან შორს წავიდა რეიდები, რომლებსაც ხალხი უყურებს ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოების საშუალებით. ვიდეოჩანაწერებზე ჩანს, როგორ იტაცებენ ნიღბიანი, უცნობი აგენტები ქუჩებიდან ხალხს.
ეს 10 %-ით მეტია თებერვალში – ტრამპის მიერ თანამდებობის დაკავებიდან მალევე – ჩატარებულ მსგავს გამოკითხვის შედეგთან შედარებით.
CNN-ის ცნობით, უმრავლესობამ, 57%-მა, განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება მასობრივი დაკავების დაწესებულებების მშენებლობის გეგმებს, – ამ იდეას მხოლოდ 26% უჭერს მხარს.
CBS News-ის გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების 56% მიიჩნევს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია იმ მიგრანტებს ესხმის თავს, რომლებიც საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ.
გასულ თვეში ეს მაჩვენებელი 47% იყო.
გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების მხოლოდ 49% ემხრობა ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკას, რაც გასულ თვეში 54%-იან და თებერვალში 59%-იან მაჩვენებელზე ნაკლები იყო.
რესპუბლიკელების ძალიან დიდი უმრავლესობა – 91% დეპორტაციებს უჭერს მხარს.
თუმცა მას არ ემხრობა დამოუკიდებელი მოქალაქეების 59 %, ხოლო დემოკრატების 86%.
ტრამპმა თავისი მეორე ვადით პრეზიდენტობის ექვსი თვის თავი ვაშინგტონის მახლობლად, ვირჯინიაში აღნიშნა და სოციალურ მედიაში Truth Social-ზე დაწერა, რომ „ექვსი თვე დიდი დრო არ არის დიდი ქვეყნის სრულად აღსადგენად“.
„ერთი წლის წინ ჩვენი ქვეყანა მკვდარი იყო, თითქმის არანაირი იმედი არ იყო აღორძინების“, – თქვა მან და დასძინა, რომ ახლა შეერთებული შტატები „მსოფლიოში ყველაზე პატივცემული ქვეყანაა“.
CBS News-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ტრამპის საერთო მოწონების რეიტინგი დაბალ დონეზეა. ამჟამად ამერიკელების მხოლოდ 42 % იწონებს მის საქმიანობას, თებერვალში კი ეს მაჩვენებელი 53% იყო.
ფორუმი