საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის, წითელი ნახევარმთვარის წარმომადგენლის თქმით, 20 ივლისს, სირიის სამხრეთში, ქალაქ სუვაიდაში ჰუმანიტარული დახმარების პირველი კოლონა შევიდა ერთი კვირის შემდეგ მას მერე, რაც უპირატესად დრუზებით დასახლებულ არეალში მცხოვრებთა შორის ძალადობამ იფეთქა, რასაც იქ მთავრობის ჯარის შეყვანა მოჰყვა.
ცნობით, ვითარება ისე გამოიყურება, რომ ცეცხლის შეწყვეტის მყიფე შეთანხმება შენარჩუნებულია მას შემდეგ, რაც დრუზმა მებრძოლებმა დაიბრუნეს კონტროლი ქალაქ სუვაიდასა და პროვინციაში განლაგებულ სამთავრობო უსაფრთხოების ძალებზე. გასულ კვირას მომხდარი ძალადობის შემდეგ 1000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
AFP-ის კორესპონდენტმა ქალაქ სუვაიდასთან ახლოს დაინახა წითელი ნახევარმთვარის სიმბოლოიანი სატვირთო მანქანებისა და სასწრაფო დახმარების მანქანების კოლონა, რომელიც ქალაქისკენ მიემართებოდა.
ეს ბოლო მოვლენების შემდეგ შემოსული პირველი კოლონაა და ის ამჟამად სუვაიდაში იმყოფება“, – განაცხადა სირიის წითელი ნახევარმთვარის მედიისა და კომუნიკაციების წარმომადგენელმა, ომარ ალ-მალკიმ.
მან AFP-ს განუცხადა, რომ ამ კოლონას სხვებიც მოჰყვება და თქვა, რომ ეს მოხდა „სამთავრობო უწყებებთან და სუვაიდის ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინაციით“, რომლებსაც დრუზები აკონტროლებენ.
სუვაიდაში ადამიანები სახლებში ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე არიან გამოკეტილი, საკვების მარაგი კი მწირია.
AFP-ის ფოტოგრაფის თანახმად, სუვაიდის მთავარი საავადმყოფოს მორგი სავსე იყო და მან შენობის გარეთ, ძირს დაწვენილი გვამები ნახა.
მთავრობამ თავის მხრივ განაცხადა, რომ თავისი კოლონა, რომელიც 40-ზე მეტი ჰუმანიტარული დახმარების მანქანისგან შედგებოდა და რომელსაც სამი მინისტრი ახლდა, სუვაიდაში შესვლას ვერ ახერხებდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სუვაიდაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დრუზი რელიგიური ლიდერის, „ჰიკმატ ალ-ჰიჯრის ერთგულმა, კანონგარეშე შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა კოლონას შესვლის ნებართვა არ მისცეს.“
ხელისუფლებამ მკაცრად გააკრიტიკა ჰიჯრი მას შემდეგ, რაც მან დრუზებისთვის საერთაშორისო დაცვა მოითხოვა და დახმარების თხოვნით მიმართა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს.
მეზობელი ისრაელი, სადაც ასევე ცხოვრობს დრუზების თემი, სირიაში უმცირესობის დამცველად წარმოადგენს თავს.
ფორუმი
