სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ რუსეთიდან მომავალი პირების შესახებ, რომლებიც აცხადებენ, რომ უკრაინის მოქალაქეები არიან, შსს განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ რუსეთის ფედერაციიდან მომავალი პირებს, რომლებიც ითხოვენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არავალიდური დოკუმენტებით და აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა არ მიეცათ.
მათივე განმარტებით, აღნიშნულ პირთა უმრავლესობას აქვს მძიმე კრიმინალური წარსული და გასამართლებულნი არიან არაერთგზის – მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის.
როგორც უწყება აღნიშნავს, ქართულმა მხარემ უკრაინულ მხარეს შესთავაზა რამდენიმე მექანიზმი, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოდ გაყვანა და დაბრუნება მათ სამშობლოში.
უწყების განცხადებაში იმედოვნებს, რომ უკრაინული მხარე დროულად მიიღებს გადაწყვეტილებას საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ რუსეთის ფედერაციიდან მომავალი პირების შესახებ, რომლებიც ითხოვენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არავალიდური დოკუმენტებით და აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები.
აღნიშნულ პირთა უმრავლესობას აქვს მძიმე კრიმინალური წარსული და გასამართლებულნი არიან არაერთგზის – მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის, რაც დასტურდება მათ მიერ წარმოდგენილი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების ცნობით. ამასთან, ისინი თავადვე აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიდნენ სასჯელს ჩადენილი დანაშაულისთვის. შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა არ მიეცათ.
თუმცა, ქართულმა მხარემ უკრაინულ მხარეს შესთავაზა რამდენიმე მექანიზმი, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოდ გაყვანა და დაბრუნება მათ სამშობლოში. ჩვენ მიერ შეთავაზებული იყო როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო გზით, მოცემულ პირთა სამშობლოში დაბრუნების ვერსიები. საზღვაო გზით დაბრუნებაზე უკრაინული მხარე ჯერჯერობით თავს იკავებს და ამ დრომდე მათი გაყვანის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ. თუმცა, ამ პირთა სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნების მექანიზმზე შეჯერებასთან, მათ შორის მათი საჰაერო გზით გადაყვანასთან დაკავშირებით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ერთობლივი კონსულტაციები. ვიმედოვნებთ, რომ უკრაინული მხარე დროულად მიიღებს გადაწყვეტილებას საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, კერძოდ სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც რუსეთის ფედერაციიდან მომავალი პირები ითხოვენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არავალიდური დოკუმენტებით და აცხადებენ რომ არიან უკრაინის მოქალაქეები. ამჟამად 80-მდე ასეთი პირი იმყოფება საქართველოს საზღვარზე, რომელთა დიდი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაშვების კრიტერიუმებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს, დაიცვას უსაფრთხოება და მართლწესრიგი, არ დაუშვას ქვეყანაში ისეთი პირები, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნან მოსახლეობის უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს.
ყველა სახელმწიფო უწყება, კომპეტენციის ფარგლებში, იღებს საჭირო ზომებს, რათა დროულად მოხდეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების საკუთარ სამშობლოში დაბრუნება და დაცული იქნეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოება“, – ნათქვამია განცხადებაში.
