“თეგეტა” რუსთავში მეორეული ავტომობილების გადამმუშავებელი ქარხნის პროექტს განიხილავს

გრინ პლანეტის“ დირექტორის შალვა ახვლედიანის განცხადებით, “თეგეტა” რუსთავში მეორეული ავტომობილების გადამმუშავებელი ქარხნის პროექტს განიხილავს. როგორც მან აღნიშნა, პარტნიორებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ნარჩენების გადამმუშავებელი ქარხნების მშენებლობაზე, რადგან დღეს არსებული სიმძლავრეები საკმარისი არ არის.
მისივე თქმით, 2023 წლიდან “გრინ პლანეტს” 8000 ტონა მეორეული საბურავი, 2000 ტონა მეორეული ზეთი და 3600 ტონა მეორეული აკუმულატორი აქვს შეგროვებული.
“როგორც ვიცით, სახელმწიფო აპირებს მეორეული ავტომანქანების მიმართულებით რეგლამენტის მიღებას, რაშიც აუცილებლად ჩვენი მგვ-ც [მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში შექმნილი ორგანიზაცია] მიიღებს მონაწილეობას. ვაპირებთ ჰაბის განვითარებას გადამმუშავებელი მიმართულებით.
ჰაბის პროექტი უკვე არსებობს, სადაც შეიძლება ეს ყველაფერი განვითარდეს, “თეგეტა მოტორსმა” პარტნიორებთან ერთად ამ ტერიტორიის განვითარება უკვე დაიწყო. თუმცა უშუალოდ ქარხნების შეკვეთაზე ვერ გადავედით, იქიდან გამომდინარე, რომ ბანკებთან და სააგენტოსთან “აწარმოე საქართველოში” გვაქვს მოლაპარაკება იმაზე, თუ რა კომპონენტით შეიძლება ამ ქარხნების დაფინანსება. ამას ცალკე, როგორც ბიზნესს, არცერთი ბანკი არ დააფინანსებს და ამავე ტერიტორიაზე შესაძლებელია მეორეული ავტომანქანების გადასამუშავებელი ქარხნის მოწყობაც, რაც გულისხმობს უტილიზაციას როგორც ხდება ევროპაში”, – აცხადებს „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი შალვა ახვლედიანი.