რით შეიძლება აიხსნას ქართული ბიზნეს-კლუბის ლოიალობა? – უკრაინულ-ქართული კონტექსტის ანალიზი ზურაბ გურულისგან

უკრაინის პრეზიდენტმა დღეს უმაგრესი ფსიქოლოგიური სვლა გააკეთა; საჯაროდ განაცხადა, რომ სურვილი აქვს დაუყოვნებლივ განაახლოს სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთთან და რომ მზად არის პირადად შეხვდეს ვლადიმერ პუტინს.
ამასთან დაკავშირებით, პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ. ცხადია, ზელენსკიმ შესანიშნავად იცის, რომ არცერთი არ მოხდება, მაგრამ ტრამპის მიერ ისედაც ცაიტნოტში ჩაყენებულ ს პრეზიდენტს მოხდენილად დასცინა. ნამდვილად აღსანიშნავი მანევრია. პოსტში გურული ქართულ კონტექსტზეც საუბრობს.
“პუტინი სერიოზულ უხერხულობაშია. ამერიკის პრეზიდენტის მიერ მიცემული 50 დღის ათვლა უკვე დაიწყო. ნებისმიერი დათმობა რუსეთის მხრიდან ლოგიკურად აღქმული იქნება შეშინებულ უკანდახევად, არადა გაჯიუტებაც ძალიან საშიშია, რადგან მოთმინებიდან გამოსულ ტრამპს სერიოზული დარტყმების მიყენება შეუძლია. ეს უკვე კლასიკური ცუგცვანგია.
პუტინს “ბლექჯეკის” ხარბი მოთამაშესავით დაემართა. ტრამპის გახანგრძლივებული ყოყმანის გამო იფიქრა, რომ კიდევ ერთი “კარტის” აღება შეეძლო 21-თან მაქსიმალურად მისაახლოებლად, ვინაიდან ხელში მხოლოდ 12 ქულა ეჭირა; “კრუპიემ” კი მოულოდნელად “10-იანი” მიაწოდა და 22 ქულით “დაბუგა”.
როგორც არ უნდა წარიმართოს აწი მოვლენები, რუსეთის პრეზიდენტი ყველა ვარიანტში წაგებული გამოვა იმ ვარიანტთან შედარებით, რომელიც მას “თამაშის” დასაწყისში ჰქონდა,” – წერს გურული და ქართულ კონტექსტში ცდილობს ახსნას “ქართული ბიზნეს-კლუბის ლოიალობა”.
“რამდენად ცვლის საქართველოს სიტუაციას ეს მოვლენები?
4 ივლისს, პრემიერთან შეხვედრისას, წამყვანმა ქართველმა ბიზნესმენებმა დე-ფაქტო ლოიალობა დაუდასტურეს მთავრობას. პოლიტიკური ლოალობის განცხადებაა აგრეთვე ორი ოპოზიციური სპექტრის პარტიის ლიდერთა გადაწყვეტილებაც, რომ მონაწილეობა მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში. ეს არც იყო მოულოდნელი. “ლელო” ვერ გამოაკლდებოდა ქართული ბიზნეს-კლუბის ელიტას. რაც შეეხება გახარიას, მას უბრალოდ ეგზისტენციური პრობლემები აქვს და გადაწყვეტილებებს ამ ჭრილიდან იღებს; შესაბამისად, პოლიტიკური პრინციპების მოძიება მის ქმედებებში უაზრობაა.
რით შეიძლება აიხსნას ქართული ბიზნეს-კლუბის ლოიალობა?
ცხადია, არსებობს პირადი შიშის ელემენტიც. ივანიშვილი აშკარად ვა-ბანკზეა წასული, რადგან უყოყმანოდ გაუშვა ციხეში მსხვილი ბანკირები; მაგრამ არის კიდევ ერთი ლოგიკური მიზეზიც. ეს მიზეზი რუსეთის შესაძლო აგრესიაა. ვინც პრემიერის ბოლო განცხადებას ყურადღებით გაეცნო, მარტივად აღმოაჩენდა, რომ სწორედ ეს მესიჯი გააჟღერა საჯაროდ ბატონმა მ.
დარწმუნებული ვარ, ბიზნესმენებთან კულისებში საუბრისას მან უკვე ყოველგვარი სულელური “დიფსტეიტების” გარეშე ისაუბრა რუსეთის მუქარაზე, რომ თუ “ოცნება” ჩამოშორებული იქნება მმართველობიდან, რუსები ფიზიკურ მოქმედებაზე გადავლენ.
არის თუ არა ამის მაღალი რისკი?ობიექტურად არის; მითუმეტეს სომხეთის და აზერბაიჯანის რუსეთისგან მკვეთრი დისტანცირების ფონზე. ამასთან, სწორედ საქართველოა რუსეთის სპეცსამსახურების შეფებისათვის ფინანსური “ოფშორი”, რომელსაც ისინი არაფრით არ დათმობენ, მითუმეტეს ახალი დასავლური სანქციების მოლოდინში. საქართველოს ამჟამად პრაქტიკულად არც ჯარი ჰყავს, არც დამოუკიდებელი სპეცსამსახურები და სრულიად მოწყვლადი და უსუსურია თუნდაც მცირემასშტაბიანი სამხედრო ოპერაციისათვის.
ევროკავშირისგან რაიმე ქმედითი სამხედრო დახმარების მოლოდინიც კი სრული უაზრობაა; ამერიკასთან ამ ეტაპზე ქართულ პოლიტიკურ სპექტრს პრაქტიკულად ნულოვანი კომუნიკაცია აქვს.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით,ბიზნეს-კლუბმა პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო და პოლიტიკური სტატუს-კვოს შენარჩუნების მზაობაზე დათანხმდა.
როგორი ტიპის ოპოზიციას ექნება შანსი გასამარჯვებლად მომავალ წლებში?
ალბათ ოპოზიციას, რომელიც სრულად და უპირობოდ ისაუბრებს მხოლოდ საქართველოზე და ქართველებზე, ყოველგვარი რუსეთისა და დასავლეთის ხსენების გარეშე. რომელიც ააფრიალებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს დროშებს და ისაუბრებს ბალანსირებულ პოლიტიკაზე რუსეთსა და დასავლეთს შორის. ნებისმიერი ვერბალური ექსტრემიზმი იქნება წამგებიანი და უშედეგო.
გვეყოლება როდესმე ასეთი ოპოზიცია?არ ვიცი; ძნელი სათქმელია. იმედია მომავალი დეკადის განმავლობაში რუსეთი არსებითად დასუსტდება, მაგრამ ვიქნებით კი ჩვენ იმდენად ერთიანი, რომ წაქცეულ “აქლემს” ვაჯობოთ?
– დიდ, მაგრამ უმოქმედო ცოდნაზე უფრო ღირებული პატარა, მაგრამ ქმედითი ცოდნააო – ამბობს ხალილ ჯიბრანი. შესაძლოა მეტისმეტი ანალიზიც არ არის საჭირო, ვინ იცის,” – წერს ზურაბ გურული.

ასევე დაგაინტერესებთ