20 ივლისის ღამით მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით შეტევას რამდენიმე ადგილას ხანძარი მოჰყვა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩამოგდებულია 16 უპილოტო საფრენი აპარატი.
მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა ტელეგრამარხზე დაწერა, რომ დრონების ნამსხვრევების დაცემის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ავტომობილებს და დაზიანდა საცხოვრებელი მრავალსართულიანი კორპუსი.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მოსკოვის აეროპორტებმა „შერემეტიევოში“, „ვნუკოვოში“, „დომოდედოვოსა“ და „ჟუკოვსკიმ“ შაბათ საღამოს და კვირა ღამით თვითმფრინავების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვები დააწესეს. აეროპორტები რამდენიმე საათით დაიკეტა, თუმცა დილისთვის შეზღუდვები მოიხსნა. „აეროფლოტმა“ განაცხადა, რომ „შერემეტიევოში“ დაწესებული შეზღუდვების გამო, კომპანია „იძულებულია შეცვალოს თავისი გრაფიკი“. იგივეს შესახებ აცნობა ავიაკომპანია „პობედამ“. „როსავიაციას“ ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტერნატიულ აეროდრომებზე სულ 134 თვითმფრინავი გაიგზავნა.
სულ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 20 ივლისის ღამეს, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა სხვადასხვა რეგიონის თავზე 93 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
უკრაინის სამხედრო ძალების მიერ განხორციელებულ დარტყმებზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ერთი დღით ადრე, დრონით თავდასხმის შედეგად, როსტოვის რეგიონში რკინიგზის საკონტაქტო ქსელი დაზიანდა. შედეგად, შაბათ საღამომდე 75-ზე მეტი სამგზავრო მატარებლის მოძრაობა შეფერხდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, 19-20 ივლისის ღამით რუსმა სამხედროებმა სარაკეტო სისტემით და უპილოტო აპარატებით განახორციელეს შეტევა ზაპოროჟიესა და ზაპოროჟიეს რეგიონზე. თავდასხმის შედეგად დაზიანდა რამდენიმე კერძო სახლი და მრავალსართულიანი შენობის ფასადი, გაჩნდა ხანძარი. დღის განმავლობაში ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის 18 დასახლებულ პუნქტზე 457 დარტყმა განახორციელეს.
ფორუმი
