“არასდროს დანებდეთ და არასდროს შეეგუოთ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 19 ივლისს აზერბაიჯანში გამართულ “შუშის გლობალური მედიის მესამე ფორუმზე” უკრაინელი ჟურნალისტის დმიტრი გორდონის შეკითხვაზე ვრცელი პასუხის დროს.
„უკრაინელები მადლიერები არიან თქვენი, ვინაიდან თქვენ არაერთხელ საჯაროდ გამოხატეთ მხარდაჭერა უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ასეთ რამეს არ ივიწყებენ” – ასე მიმართა შეკითხვის დასმამდე გორდონმა ალიევს – “რას ურჩევდით თქვენ, როგორც გამარჯვებული ნაციის ლიდერი უკრაინასა და უკრაინელებს?”
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ათ წუთზე მეტი დაუთმო შეკითხვაზე პასუხს და გაიხსენა, რომ მსგავს შეკითხვაზე ადრეც უპასუხია და ასე დაიწყო:
“ჩემი პასუხი არ იქნება იმდროინდელისგან განსხვავებული და ვფიქრობ, ეს ეხმიანება უკრაინელი ხალხის სულისკვეთებას: არასდროს დათანხმდეთ ოკუპაციას! ეს არის მთავარი რჩევა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებდით. უფრო სწორად, როგორც ჩვენ ვხედავდით ამ პროცესს”.
ამის შემდეგ მან გაიხსენა პერიოდი გზა ყარაბაღის პირველი ომიდან დღემდე:
“ყარაბაღის პირველი ომის პერიოდი იყო რთული, ტრაგიკული, მრავალრიცხოვანი მსხვერპლით, ხოჯალის აზერბაიჯანელების გეონოციდით (სხვათაშორის, აქედან სულ რამდენიმე კილომეტრშია). კონფლიქტის შემდგომი პერიოდი არანაკლებ რთული იყო, უკვე მორალური თვალსაზრისით და ეკონომიკურადაც – ჩვენ გვყავდა მილიონი ადამიანი საარსებო საშუალებების გარეშე. 700 ათასზე მეტი აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონიდან და აგრეთვე 250 ათასი აზერბაიჯანელი, რომელიც სომხეთში ცხოვრობდა და რომელთა დეპორტაციაც მოხდა. იმ დროს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 8 მილიონი იყო და ერთ სულ მოსახლეზე ლტოლვილების რაოდენობით ყველაზე მაღალი მაჩვენებლი გვქონდა.
ფული არ გვქონდა, ხაზინა ცარიელი იყო. პრაქტიკულად არავინ გვიჭერდა მხარს. არ გაგვაჩნდა არანაირი არსებითი საერთაშორისო მხარდაჭერა არავისგან. ეკონომიკა დანგრეული. ინფლაცია იყო 1000%. საყოველთაო უმუშევრობა. სიღარიბე ას პროცენტს უახლოვდებოდა. ასეთი იყო აზერბაიჯანი, როცა მას სათავეში ჩაუდგა ჰეიდარ ალიევი და ჩვენს ხალხს გაუმართლა, რომ რთულ დროში გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც ხალხმა მიმართა და რომელმაც თავის თავზე აიღო ეს რთული დრო მიუხედავად იმისა, რომ უკვე აღარ იყო ახალგაზრდა, 70 წლის იყო. ვერ ვიტყვი, რომ ჯანმრთელობა ჰქონდა ძალიან კარგი, მან რთული დაავადება გადაიტანა, მაგრამ სწორედ მან მოახერხა ვითარების სტაბილიზაცია. ამასთან, მაშინ სამოქალაქო ომიც მიმდინარეობდა.
და თანდათნობით დავიწყეთ ფეხზე დადგომა, აღორძინება და ვფიქრობდით მხოლოდ ერთზე – დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა იზიარებს, რასაც ვამბობ – როგორ დაგვებრუნებინა ოკუპირებული ტერიტორიები”.
ალიევმა აღწერა 2020 წლის სამხედრო მოქმედებებიც:
“გვესმოდა, რომ რთული იქნებოდა. პირველ რიგში რელიეფი. თქვენ აქ ფიზულიდან მოემგზავრებოდით. ქალაქი ფიზული გათავისუფლდა 17 ოქტომბერს [2020] და ამის შემდეგ ჩვენი შეიარაღებული ძალები ქვეითად მიდიოდნენ იმ გზით, რომელიც არ არსებობდა – ხანკენდის შემოგარენში ადიოდნენ შუშის კლდეებზე. ბრძოლის ველზე დავამტკიცეთ, რომ ყველაფრისთვის მზად ვიყავით და მივდიოდით სიკვდილზე”.
ილჰამ ალიევი მკვეთრად კრიტიკული იყო საერთაშორისო აქტორების, მათ შორის ეუთოს “მინსკის ჯგუფის” თანათავმჯდომარეების მიმართ:
“ყველანი იმით ვცხოვრობდით, რომ დაგვებრუნებინა ჩვენი ძირძველი ტერიტორიები. რელიეფიც ჩვენს წინააღმდეგ იყო, საერთაშორისო ვითარებაც ჩვენს წინააღმდეგ იყო. ეუთოს “მინსკის ჯგუფი” მისი თანათავმჯდომარეების სახით – თითოეული თავისი მიზეზით იყო სომხეთის მხარეს და თითოეული ცდილობდა, რომ ეს ვითარება უსასრულოდ გაგრძელებულიყო, რომ არ შეცვლილიყო ეს სტატუს კვო.
და, ხანდახან, როცა ჩვენ წარმოუდგენელი დიპლომატიური ძალისხმევით ვახერხებდით სადმე რამე განცხადების გატანას, თანათავმჯდომარეების ქვეყნების სახელით ეს რაღაც დროში დეზავუირდებოდა ხოლმე.
მახსოვს, მაშინ ენთუზიაზმით აღვიქვამდით აშშ-ის, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების დონეზე გაკეთებულ განცხადებას, რომ “სტატუს კვო მიუღებელია”. და ეს იყო სერიოზული განცხადება. დიდხანს მოვუნდით ამის მიღწევას, თუმცა რაღაც დროის შემდეგ მათ შეცვალეს ერთი სიტყვა და „მიუღებლის“ ნაცვლად თქვეს „არამდგრადია“. ანუ, მოგვცეს სიგნალი, რომ, როგორც აღმოჩნდა, მაინც მისაღებია. ნიღბები მოიხსნეს და თქვეს რომ მისაღებია. ეს იყო მისაღები სომხეთისთვის, “მინსკის ჯგუფის” თანათავმჯდომარეებისთვის და კიდევ რიგი ქვეყნებისთვის. მხოლოდ ჩვენთვის იყო მიუღებელი”.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი იხსენებს, რომ მისი პრეზიდენტობის დაწყებიდან 17 წლის განმავლობაში ყველა აქტორი ცდილობდა მის დარწმუნებას, რომ “საჭირო იყო ახალ რეალიებთან შეგუება”:
“აი, ასეთი რეალიებია და ამას უნდა შეეგუოთო და როცა მე ვამბობდი “არას”, ეს აღიქმებოდა გამოწვევად ძლიერთა ამა ქვეყნისათა მიერ. აღიქმებოდა, როგორც არაადეკვატური რეაქცია…
ჩვენ მაშინ გადავწყვიტეთ, რომ თავად შევქმნიდით ახალ რეალიებს და შემდეგ თქვენ შეეგუებით მათ. ასეც მოხდა. ახალი რეალიების შექმნა დავიწყეთ 2020 წელს, 44 დღეში და ისინი იძულებული გახდნენ მათ შეგუებოდნენ. შემდეგ 2023 წლის სექტემბერში, ერთ დღეში, რომლებთანაც მათ ასევე მოუწიათ შეგუება.
მე ცოტათი ფართოდ ვპასუხობ ამ შეკითხვას იმისთვის, რომ გავხსნა, რაც სულ დასაწყისში ვთქვი, რაც შეიძლება ძალიან მარტივად და პასუხისგან თავის არიდებად ჟღერდეს, მაგრამ ამის უკან დგას, რაც ჩვენ გადავიტანეთ ომშიც და მოლაპარაკებების მაგიდასთანაც, სუვერენიტეტის სრულად აღდგენის შემდეგაც.
თუ ახლა შევუდგები თხრობას ყველა მუქარაზე, ზეწოლასა და შანტაჟზე და რიგ არასაჭირო ქმედებებზე ზოგიერთი უცხოელი აქტორის მხრიდან, ეს ალბათ არც ისე სასიამოვნო სანახაობა იქნება, ამას ცალკე შეხვედრა დასჭირდება”.
პასუხის დასასრულ ალიევმა კვლავ უკრაინელების საყურადღებოდ განაცხადა:
“დავუბრუნდები, რაც ვთქვი – არასდროს დანებდეთ და არასდროს შეეგუოთ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას!
…საქმე ჩემში არ არის და ვფიქრობ, ესეც მნიშვნელოვანია უკრაინელებისთვის: საქმე პიროვნებასა და ამბიციებში არ არის. საქმე ის არის, რომ უნდა გრძნობდე პასუხისმგებლობას თაობების წინაშე, რომლებიც ჩვენამდე იყვნენ და უნდა გრძნობდე პასუხისმგებლობას იმათ წინაშე, ვინც ჩვენს შემდეგ მოვა. მე რომ მცოდნოდა, რომ ვერ შევძლებდით ტერიტორიების დაბრუნებას, კიდევ 17 წელი მოგვიწევდა ლოდინი, ან კიდევ ერთი 17 წელი, თუმცა ეს უკვე მე აღარ ვიქნებოდი, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მორალურად მე მზად ვიყავი, რომ ამას ვიღაც სხვა გააკეთებდა, თუმცა მესმოდა, რომ თუკი ამას მე არ გავაკეთებდი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამას სხვა მოახერხებდა. ზედმეტ თავდაჯერებულობად ნუ მიიღებთ, უბრალოდ ასე ვფიქრობდი და გიზიარებთ ჩემს მოგონებებს.
დასასრულ, კიდევ ერთი: მე მიქრებოდა სამართლიანობისადმი რწმენა, დაახლოებით ისევე, როგორც ჩვენს ყოფილ ლტოლვილებს, რომლებსაც ვხვდებოდი რეგულარულად და ვეუბნებოდი – გჯეროდეთ, ჩვენ დავბრუნდებით-მეთქი. ყოველ წელს ვხედავდი, რომ თვალებში სულ უფრო ნაკლები რწმენა ჰქონდათ. თვალებში ხომ ყველაფერი ჩანს. შეიძლება მათ კარგი რაღაცები ეთქვათ, მაგრამ თვალებში ხომ ჩანდა. მეც ნაკლები მქონდა რწმენა, სამართლიანობის რწმენა. თუმცა, ჩვენი გამარჯვება – და ეს სრული გამარჯვებაა – მეტყველებს იმაზე, რომ სამართლიანობა არსებობს, უბრალოდ ის უნდა მოიპოვო და რომ მოიპოვო, უნდა იმუშაო ყოველდღე და მოაახლოვო გამარჯვება ყოველდღიურად და განსაკუთრებით, თუკი საბოლოო გადაწყვეტილება შენზეა დამოკიდებული, შენ ამას უნდა მიუძღვნა შენი ცხოვრება. მხოლოდ ასე შეიძლება ეს მოხდეს. და რა თქმა უნდა, უმთავრესი ფაქტორი არის საზოგადოების კონსოლიდაცია, რომელმაც მე როგორც პრეზიდენტს, მთავარსარდალს მომცა მორალური ძალა და დარწმუნებული ვიყავი, რომ საზოგადოება და ხალხი დამიდგებოდა და ალბათ ეს იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი.
ასე რომ დავუბრუნდები, საიდანაც დავიწყე – არასდროს დანებდეთ!”.
“შუშის გლობალური მედიის მესამე ფორუმს” ესწრებოდნენ ანალიტიკური წრეების, საერთაშორისო მედიასაშუალებების, აგრეთვე რუსეთის სახელმწიფო მედიის წარმომადგენლები.
ფორუმი
