აზერბაიჯანი აპირებს რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლოს ავიაკატასტროფის გამო

აზერბაიჯანი აპირებს, რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლოს აზერბაიჯანის ავიახაზების (AZAL) თვითმფრინავის ჩამოვარდნი გამო.
ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შუშის გლობალურ მედია ფორუმზე განაცხადა.
ალიევის თქმით, AZAL-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით სიტუაცია დღესავით ნათელია. მისი თქმით, აზერბაიჯანმა შვიდი თვის განმავლობაში რუსული მხარისგან მკაფიო პასუხი ვერ მიიღო.
როგორც ალიევმა განაცხადა, აზერბაიჯანის გენერალური პროკურორი ს საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს მოთხოვნებს უგზავნის, მაგრამ პასუხად მხოლოდ ფრაზას: „გამოძიება მიმდინარეობს“ იღებენ.
„ჩვენთვის ყველაფერი ნათელია. ჩვენ ვიცით, რა მოხდა და შეგვიძლია ამის დამტკიცება. და ვიცით, რომ რუსმა ოფიციალურმა პირებმაც იციან, რა მოხდა. და აქ ჩნდება კითხვა: რატომ არ აკეთებენ ისინი უბრალოდ იმას, რასაც ნებისმიერი მეზობელი გააკეთებდა?“ – განაცხადა ალიევმა.
ალიევის თქმით, აზერბაიჯანში ესმით, რომ ამ დონის სასამართლო პროცესები შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს და მან ამის მაგალითად მოიყვანა 2014 წელს დონბასში მალაიზიური ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება, რაზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთი პასუხისმგებლად 2025 წელს ცნო.
„ჩვენ მზად ვართ ათი წელი დაველოდოთ, მაგრამ სიმართლემ უნდა გაიმარჯვოს. სამწუხაროდ, გაურკვევლობა, რომელიც ახლაა, არ უწყობს ხელს რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას“, – განაცხადა ალიევმა.
AZAL-ის Embraer E190 თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, 2024 წლის 25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქტაუში ჩამოვარდა. შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა.
ოფიციალურმა ბაქომ რუსეთისგან მოითხოვა გამოიძიოს ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავის კატასტროფა და დაზარალებულებს გადაუხადოს კომპენსაცია. მოთხოვნა გახმიანდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა რუსეთის მოქალაქეების მიმართ აზერბაიჯანელ სამართალდამცავთა ქმედებები გააპროტესტა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, არაზ აზიმოვმა სააგენტო Report-თან საუბარში აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება შესაძლებელია მხოლოდ კატასტროფის სრულფასოვანი გამოძიების შემდეგ.