ალიევმა ურჩია უკრაინას, არ შეეგუოს ოკუპაციას

აზერბაიჯანული გამოცემა APA წერს, რომ ილჰამ ალიევმა შუშის გლობალური მედია ფორუმის მონაწილეებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ არ უნდა შეეგუოს ოკუპაციას:

„ზუსტად ამას ვაკეთებდით ჩვენ. პირველი ყარაბაღის ომის პერიოდი ძალიან მძიმე და ტრაგიკული იყო — ჩვენ დიდი დანაკარგი განვიცადეთ. ხოჯალიში აზერბაიჯანელების წინააღმდეგ გენოციდი განხორციელდა. სულ რამდენიმე კილომეტრში აქედან. ომისშემდგომი პერიოდიც არ იყო მარტივი. ეს იყო რთული როგორც მორალური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. თითქმის მილიონი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლი — 700 ათასი აზერბაიჯანელი განიდევნა ყარაბაღის ტერიტორიიდან, კიდევ 250 ათასი — დეპორტირებული სომხეთიდან. მაშინ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა სულ რაღაც 8 მილიონი იყო. ლტოლვილთა რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე უკიდურესად მაღალი იყო. ფული არ გვქონდა, ბიუჯეტი ცარიელი იყო. ფაქტობრივად, არავინ გვეხმარებოდა. ჩვენ არ მიგვიღია არსებითი საერთაშორისო დახმარება არავისგან. ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაში იყო — ინფლაცია, უმუშევრობა, სიღარიბე. სიღარიბის დონე თითქმის 100 პროცენტს აღწევდა. სწორედ ასეთ აზერბაიჯანში მოვიდა მაშინ ხელისუფლებაში ჰეიდარ ალიევი. ჩვენს ხალხს გაუმართლა, რომ იმ პერიოდში გამოჩნდა ადამიანი, ვისაც ხალხმა მიმართა და რომელმაც თავის თავზე აიღო ეს რთული მისია. იმ დროს ის უკვე ხანში იყო — 70 წლის, ჯანმრთელობაც საუკეთესო არ ჰქონდა, სერიოზული დაავადებები გადაიტანა. თუმცა სწორედ მან შეძლო მდგომარეობის სტაბილიზება — მიუხედავად შიდა სამოქალაქო ომისა. ეტაპობრივად დავიწყეთ ფეხზე წამოდგომა და აღდგენა. მჯერა, რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სრულად ეთანხმება ჩემს სიტყვებს. ყველას მხოლოდ იმაზე ფიქრი ჰქონდა, როგორ დაგვებრუნებინა ოკუპირებული ტერიტორიები.“
უკრაინაში ს შეჭრის შემდეგ, აზერბაიჯანმა უკრაინას რამდენჯერმე გაუგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი, რითაც მხარი დაუჭირა მას რუსეთთან ომში.