ბათუმის გენგეგმის კონცეფცია მერიას თამარის დასახლების განვითარების გეგმას სთავაზობს და განმარტავს, რომ ეს გეგმა მოსახლეობის გამოკითხვისა და საჭიროებების კვლევის საფუძველზე შემუშავდა.
თუმცა სამსჯელოა, რამდენად შესაძლებელია ამ გეგმის განხორციელება, რადგან დოკუმენტზე მუშაობის პარალელურად მერია თამარის დასახლებაში ცათამბჯენების პროექტებს განიხილავს და საკრებულოსთან შეთანხმებით ამტკიცებს, რაც რადიკალურად ცვლის იმ გარემოს, რომლის შენარჩუნების მოთხოვნაზეც კონცეფციის ავტორები წერენ.
საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე ბათუმის ყოფილმა მერმა არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ყველა პროექტი, რომლებსაც მერია საკრებულოსთან ერთად ამტკიცებს და შემდეგ ნებართვებს გასცემენ, შეთანხმებულია შპს „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ სპეციალისტებთან, კომპანიასთან, რომელიც ბათუმის გენგეგმას ამზადებს.
შპს „სითი ინსტიტუტი საქართველო“ ბათუმის გენგეგმაზე მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობს. ბათუმის გენგეგმის მოსამზადებლად ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი იხარჯება.
საინტერესოა, რა აზრი აქვს კონკრეტული უბნის განვითარების ხედვის მომზადებას, თუ საბოლოო დოკუმენტის დამტკიცებამდე მერიის გადაწყვეტილებები ამ უბნებში გარემოს რადიკალურად შეცვლის?!
მეორე მხრივ, საინტერესოა, რატომ არ იმჩნევს „სითი ინსტიტუტი საქართველო“ აქ უკვე დაწყებულ მშენებლობებს და ახალი ნებართვების გაცემის ტენდენციას, როცა მერიას კონკრეტული უბნისთვის განვითარების გეგმას სთავაზობს.
თამარის დასახლებაში 6 ცათამბჯენის აშენებას გეგმავენ „ოცნების“ დეპუტატები და მათი პარტნიორები
ვრცლად ამ თემაზე: თამარის დასახლებაში 6 ცათამბჯენის აშენებას გეგმავენ „ოცნების“ დეპუტატები და მათი პარტნიორები
თამარის დასახლება – რუკაზე მონიშნულია ორი მიწის ნაკვეთი, სადაც 6 ცათამბჯენის აშენებას გეგმავენ.
ბათუმის განაშენიანების კონცეფციაში, რომელიც „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ ბათუმის მერიას უკვე ჩააბარა, ცალკე თავი ეთმობა თამარის დასახლების განვითარების ხედვას, რომელიც, მეტწილად, უბნის მცხოვრებების გამოკითხვას და მათ მოსაზრებებს ეყრდნობა.
კონცეფციაში ხაზგასმულია, რომ დოკუმენტის ამ ნაწილის შინაარსი ეფუძნება მონაწილეობითი ურბანული შეხვედრების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის ანალიზს და არ ასახავს ერთმნიშვნელოვნად „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ შეხედულებებს.
კომპანიის განმარტებით, ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, სხვა დოკუმენტების წარმოებასა და შექმნასთან ერთად, ბათუმის მერიისთვის ქალაქის რამდენიმე უბნის განვითარების ხედვის შეთავაზებას მოიაზრებს. ამ უბნებს შორის ერთ-ერთია თამარის დასახლება და იმისათვის, რომ ბათუმის გენერალური გეგმის კონცეფციაში ამ უბნის მცხოვრებების საჭიროებები და პერსპექტივები სრულად ყოფილიყო ასახული, თამარის დასახლებაში ორდღიანი მოხალისებრივი ხასიათის შეხვედრები გამართეს:
ავტორების განმარტებით, შეხვედრების მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით დასახლების გამოწვევების, საჭიროებებისა და უნიკალური მახასიათებლების იდენტიფიცირება, დასახლებაში არსებული კონკრეტული სოციალურ-ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და ინფრასტრუქტურული საკითხების გაცნობა.
გარდა ამისა, შეხვედრა დაგეგმილი იყო იმგვარად, რომ გამოვლენილიყო შერჩეული ტერიტორიის უნიკალური კულტურული, ისტორიული და დემოგრაფიული მახასიათებლები, რომლებიც აყალიბებენ ადგილობრივი სამეზობლოს იდენტობას.
ავტორები სამუშაო პროცესს ასე აღწერენ:
გენერალური გეგმის ჯგუფმა გაუზიარა ადგილობრივ მოსახლეობას თამარის დასახლების განვითარების ხედვის პირველადი ვერსია შემდგომი განხილვისათვის, შეხვედრების მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ღია დისკუსიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფთან განეხილათ განვითარების ხედვის კონკრეტული ასპექტები და მიმართულებები, შეხვედრებზე ადგილობრივებმა იმუშავეს მცირე თემატურ ჯგუფებში და წარმოადგინეს მათი ხედვა დასახლების არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე.
კონცეფციის ავტორების ინფორმაციით, მონაწილეების ნაწილმა აღნიშნა, რომ თამარის დასახლება ქალაქის დანარჩენ ნაწილთან შედარებით გამოირჩევა სუფთა ჰაერით, გამწვანებული სივრცეებით, ბუნებით და ხედებით [თამარის გორისა და ზღვის დანახვის ერთდროული პერსპექტივა], რაც აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. როგორც აღინიშნა, დასახლება ქალაქისგან მოშორებულია, რაც ამცირებს ხმაურს და ქმნის მშვიდ გარემოს მაცხოვრებლებისათვის. ამას ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ საცხოვრებელ შენობებს შორის არის სივრცეები, ეზოები, რასაც ადგილობრივი მაცხოვრებლები სოციალიზაციისათვის იყენებენ:
„ბენზე [თამარის დასახლება] გამწვანებული უბანია და ამის გამო აქ შედარებით სუფთა ჰაერია. აუცილებლად შევინარჩუნებდი გამწვანებას და დაბალ სართულიანობას…ჩვენს უბანში ყოველთვის სიმშვიდეა…მთისა და ზღვის ჰაერი ერწყმის ერთმანეთს… ეს არის სწორი დაგეგმარების წყალობით“ – ამბობს ერთ-ერთი გამოკითხული.
შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნეს, რომ დასახლებაში ჩამოყალიბებულია მჭიდრო სამეზობლო ურთიერთობები და ინტერნაციონალიზმი:
„ეს უკანასკნელი გამოიხატება სხვადასხვა კუთხისა და ეთნოსის წარმომადგენლების ერთ სივრცეში მშვიდ თანაცხოვრებაში. თამარის დასახლების იდენტობის განსაზღვრაში ასევე ფიგურირებდა კულტურული ძეგლებისა და ისტორიული სახლების არსებობა. ასევე აღინიშნა დაბალსართულიანი საცხოვრებელი შენობების დადებითი როლი, ახალაშენებული სახლების რაოდენობის სიმცირე, ეზოიანი სახლები და მათი გზის სავალი ნაწილიდან დაშორება“.
„რკინიგზას რომ გადმოვკვეთ და ამ უბანში შემოვდივარ, სულიერად ვისვენებ. ეს ჩვენი უბანია, აქ მცხოვრებების, მრავალი წელია ვცხოვრობთ რამდენიმე თაობა. არ მივდივართ აქედან. საინტერესო დასახლებაა და განსხვავდება ბათუმის სხვა უბნებისგან. არ არის მჭიდრო მშენებლობები, როგორც ქალაქშია …. ეს უნდა შევინარჩუნოთ, ეს არის აქ განსაკუთრებული“ – ამბობს ერთ-ერთი გამოკითხული.
კონცეფციის მიხედვით შეხვედრების განმავლობაში, მონაწილეებმა სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში იმსჯელეს თამარის დასახლებაში არსებულ პრობლემატურ საკითხებსა და გამოწვევებზეც. გამოიკვეთა შვიდი ძირითადი მიმართულება, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის აზრით არსებული დასახლების მთავარ გამოწვევებს აერთიანებს.
კერძოდ, ადგილობრივმა მცხოვრებებმა აღნიშნეს, რომ თამარის დასახლებას სჭირდება დამატებით სკოლა და საბავშვო ბაღი. ამასთან, დასახელდა სპორტული კომპლექსის არსებობის საჭიროებაც, რაც ამჟამად მიუწვდომელია ადგილობრივი მოსახლეობისათვის. სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მნიშვნელობასა და შესაძლებლობას ასევე გაუსვეს ხაზი სანაპიროს არეალში.
„ბავშვებს თუ არ ექნებათ ჟანგბადი და სათამაშო სივრცეები, სპორტული განვითარების საშუალება, არაფერი გამოვა… საჯარო სკოლის ტერიტორია უნდა მოეწყოს, უზარმაზარი სივრცეა ბალახით დაფარული. სპორტული კომპლექსი გვინდა აშენდეს“ – ციტატა კონცეფციიდან.
დისკუსიის პროცესში გამოიკვეთა, რომ შეხვედრის მონაწილეებისათვის გამოწვევას წარმოადგენს დასახლებაში არსებული ისტორიული შენობები. კერძოდ, მათთვის მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის ზონის დაცვა, რეაბილიტაცია და მსგავსი ისტორიული შენობებისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭება.
კონცეფციის მიხედვით, დისკუსიებისა თუ მონაწილეობითი კარტირების პროცესში გამოიკვეთა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებული გამოწვევები. პირველ რიგში, აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ავტობუსის გაჩერებების მოწესრიგება, ტროტუარების საკითხის მოგვარება, მეორე – გადასასვლელი ხიდის დამატება, ველობილიკების შექმნა, საჯარო ტრანსპორტის ხაზების დაგეგმვა და საფეხმავლო ხიდების მოწესრიგება:
„ქალაქს უნდა დაემატოს მეორე გასასვლელი ხიდი, ბათუმს ძალიან დიდ პრობლემას უქმნის ტრანსპორტის მხრივ, თუ აღდგება ეს ხიდი, საცობი აღარ გვექნება და ვფიქრობთ, რომ ტრანსპორტის პრობლემა ამით მოგვარდება“.
არანაკლებ მნიშვნელოვან გამოწვევად და მოსაგვარებელ საკითხად დასახელდა ლიანდაგის, როგორც მობილობის შემაფერხებელი საკითხის გადაჭრა.
„ლიანდაგზე გვჭირდება ადაპტირებული გადასასვლელი.“
როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, ექმნებათ რკინიგზაზე გადასვლის პრობლემები და ასევე, ეტლით მოსარგებლე პირებისთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან დაბრკოლებას.
ასევე, აღინიშნა მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგების გადაუდებელი საჭიროება.
„თუ ერთხელ გაწვიმდა, ბენზეში [თამარის დასახლება] ქუჩაში ვეღარ გაივლი, ფაქტობრივად, მოწყვეტილი ხარ გარე სამყაროს, ამიტომ მნიშვნელოვანია სანიაღვრე არხების მოწესრიგება, სხვა რამეზე მსჯელობას, გამწვანება იქნება, თუ რა, აზრი აღარ აქვს“ – ციტატა დოკუმენტიდან.
თამარის დასახლების არაერთმა მცხოვრებმა გამოთქვა მოსაზრება გარე განათებების დამატების საჭიროებასთან დაკავშირებით.
შეხვედრებზე უკანონო მშენებლობებისა და მიშენებების პრობლემაზეც უსაუბრიათ:
„ერთ-ერთ მწვავე გამოწვევად ადგილობრივმა მცხოვრებებმა დაასახელეს საცხოვრისთან დაკავშირებული პრობლემები. კერძოდ, დასახელდა, რომ აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს თამარის დასახლებაში არსებული დაბალსართულიანი შენობები და რესტავრაცია ჩაუტარდეს ე.წ. ბარაკის ტიპის შენობებს.
„უნდა აიკრძალოს მაღალი შენობები, არ შეესაბამება ბათუმს ზოგადად და ბენზეს განსაკუთრებით, იფარება ჰაერის მიმოსვლა, იფარება ხედები და არ გვინდა, რომ აღმოვჩნდეთ კოლოფში. ვცხოვრობთ იმისთვის, რომ მოგვწონდეს ჩვენი ტერიტორია“.
აგრეთვე, აღინიშნა უკანონო მიშენებების საკითხი, როგორც დიდი პრობლემა, რომელიც ამახინჯებს შენობების ფასადს და უკარგავს მას პირვანდელ სახეს:
„რაც ძალიან მაწუხებს, კორპუსებზე გაუთავებლად მიმდინარეობს მიშენებები, დაშენებებები, არც ერთი სახლს არ აქვს თავისი პირვანდელი სახე. გარდაქმნეს სრულიად ეს კორპუსები“
შეხვედრების მონაწილეები თამარის უბნის ერთ-ერთ გამორჩეულ მახასიათებლად არსებულ მწვანე სივრცეებს ასახელებენ: „მწვანე უბანია და ეს უნდა შევინარჩუნოთ“.
თუმცა, ასევე აღნიშნავენ, რომ საჭიროა ახალი რეკრეაციული ზონების დამატება. შესაბამისად, ხშირად ამახვილებდნენ ყურადღებას აღნიშნული არეალების დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობაზე: „რას ვისურვებდი? უფრო მეტ სიმწვანეს! მცენარეების განახლება არ ხდება“.
ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საჯარო ტრანსპორტი, არსებული ლიანდაგის, როგორც ზღვის მიმართულებით დაბრკოლების საკითხი და ბათუმის ცენტრთან კავშირი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს მათთვის. ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, თამარის დასახლებას მჭიდრო სატრანსპორტო კავშირი უნდა ჰქონდეს მიმდებარე სოფლებთან. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა სალიბაურის და ორთაბათუმის მაგისტრალთან კავშირის საჭიროებაზე.
აღსანიშნავია, რომ მონაწილეებმა ასევე გამოთქვეს მოსაზრებები დასახლებაში საზღვაო ტრანსპორტის, როგორც ტურისტული ატრაქციის განვითარებაზე. მათი აზრით, აღნიშნული კიდევ ერთ გამორჩეულ და უნიკალურ თავისებურებას შესძენდა თამარის დასახლებას.
ამ კონკრეტული უბნის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ჩნდება კითხვა – ბათუმის გენგეგმა, რომლის მომზადებაშიც 2 მილიონს ვიხდით ქალაქის ბიუჯეტიდან, გვთავაზობს ხედვას, რომელსაც თავიდანვე ვიცით, რომ განხორციელება არ უწერია?
„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ ამ საკითხთან დაკავშირებით „ბათუმელებთან“ განმარტა, რომ კომპანია მერიის არქიტექტურის სამსახურის ფუნქციას ვერ შეითავსებს და კონკრეტული უბნის განვითარების გეგმა სარეკომენდაციოა:
„როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მე ყველა პროექტს ჩავუჯდები და შევისწავლი… ჩვენ ვაკეთებთ ზონირების დოკუმენტს“ – გვითხრა მან.
batumelebi.netgazeti.ge
