პროევროპული აქციების მონაწილის, პატიმრობაში მყოფი გიორგი ახობაძის ფეისბუკის გვერდზე 19 ივლისს პოსტი გამოქვეყნდა.
მისი სახელით გამოქვეყნებულ პოსტში საკნებში არსებულ გაუსაძლის სიცხეზე წერია. გიორგი ახობაძე სახალხო დამცველს მიმართავს – „იქნებ მოგვაქციოთ ყურადღება“:
“ლარიოკის” (ციხის მაღაზიის) უფროსი მოიკითხეთ, ცოცხალია? უკვე დიდი ხანია, ვითხოვთ ვენტილატორის შემოტანას მაღაზიაში, წარმოუდგენელი სიცხეა, ვიხრჩობით ფაქტიურად ამ კოლოფებში, შეუძლებელია ღამე ძილი. ორი კვირის განმავლობაში რანაირად შეიძლება ვენტილატორი ვერ მიეწოდებოდეს მაღაზიას“, – წერია გიორგი ახობაძის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
სოციალურ ქსელში ეხმაურება გიორგი ახობაძის სახელით გამოქვეყნებულ პოსტს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი. ის წერს, რომ ეს მგოლოდ გიორგი ახობაძის პრობლემა არ არის:
„ციხეებში ძალიან ცხელა. არათუ საკნებში, შეხვედრის ოთახებშიც კი გაუსაძლისია რამდენიმე საათით ყოფნა. ჰაერი არ არის, სუნთქვა გიჭირს. ოთხი კედელი, დახურული ოთახი და არანაირი საჰაერო.
ასეთ სიცხეში არაადამიანური პირობები, როცა პატიმარი დღეების განმავლობაში დაძინებასაც ვერ ახერხებს, უტოლდება არაადამიანურ მოპყრობა“.
თორნიკე მიგინეიშვილი სახალხო დამცველს მოუწოდებს, დააჩქარებინოს მაღაზიიდან სხვადასხვა ნივთის ციხემდე მიტანის პროცედურა.
გიორგი ახობაძეს ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში ედება, ეს სისხლის სამართლის კოდექსის დანაშაულია, ისჯება 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ექიმი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ პოლიციამ მას ნარკოტიკული საშუალებები „ჩაუდო“.
გიორგი ახობაძე 2024 წლის 7 დეკემბერს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.
გიორგი ახობაძე ამბობს, რომ „მას ნარკოტიკული საშუალება“ ჩაუდეს. მისი ადვოკატების განცხადებით, ამას ადასტურებს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც:
„გიორგი ამბობდა, რომ როდესაც ის დააკავეს, მას პოლიციელებმა პირში გამოუსვეს თითები, მისი ნერწყვი აიღეს პირის ღრუდან და ის გადაიტანეს იმ ნარკოტიკულ ნივთიერების შესაფუთზე, რომელიც ჩაუდეს.
ასე აღმოჩნდა მისი ბიოლოგიური მასალა შესაფუთზე. ზუსტად ამას ვამტკიცებდით პირველივე პროცესიდან. ამასთან დაკავშირებით გვქონდა დანიშნული ექსპერტიზა, რომ დაგვედგინა ის ბიოლოგიური მასალა, რომელიც გადასული იყო შესაფუთზე, რა სახის ბიოლოგიური მასალა იყო, იყო ეს ნერწყვი თუ სხვა რამ. მივიღეთ, რომ პასუხია ნერწყვი. აქედან გამომდინარე, დადასტურდა ზუსტად ის, რასაც გიორგი თავის განმარტებაში ამბობს და ჩვენებაშიც იტყვის, რომ მისი პირის ღრუდან ხელოვნურად აიღეს ნერწყვი, რათა შეექმნათ მტკიცებულება გიორგი წინააღმდეგ,“ – ამბობს მარიამ მაძღარაშვილი
გიორგი ახობაძის საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გამოაცხადებს. გიორგი ახობაძე დასკვნით სიტყვას 22 ივლისს იტყვის.




