„მხოლოდ თავისუფალი არჩევნები – უარი რუსულ სპეცოპერაციას“ – თსუ-დან პარლამენტამდე აქცია-მსვლელობა იმართება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის შენობამდე აქცია-მსვლელობა იმართება გზავნილით – „მხოლოდ თავისუფალი – უარი რუსულ სპეცოპერაციას”
საპროტესტო მსვლელობის ორგანიზატორები თვითმმართველობის არჩევნების მიმართ ბოიკოტში მყოფი პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები და პროევროპული აქციების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრები არიან.
მსვლელობას უერთდება საპროტესტო მოძრაობა „300 ქალი“.
როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, ისინი არ აღიარებენ 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს და ახალი, თავისუფალი, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
19 ივლისს დაგეგმილი აქციის პარალელურად, ახალი არჩევნებისა და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით მსვლელობა იმართება ბათუმშიც.
4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს პროევროპული აქციების მონაწილე ყველა ოპოზიციური პარტია, გარდა კოალიციისა „ძლიერი საქართველო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.
ისინი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას კოორდინაციისა და თანამშრომლობის რეჟიმში გეგმავენ.
ოპოზიციის უდიდესი ნაწილისთვის გაუგებარია არჩევნებზე მსჯელობა საქართველოში დღეს არსებული ვითარებისა და, მათ შორის – პოლიტიკური ლიდერების მასობრივად დაპატიმრების ფონზე.
19 ივლისს პროევროპული პროტესტის, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ყოველდღიური აქციების 234-ე დღეა.
თითქმის 8 თვის წინ, პროტესტი გამოიწვია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ, რომელიც 2024 წლის 28 ნოემბერს გახდა ცნობილი – ხელისუფლებაში მყოფი პარტია არ აპირებს, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში დააყენოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.
დღევანდელი მდგომარეობით, 60-ზე მეტ ადამიანს ემუქრებოდა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. მათგან 10 დაკავებულია 2024 წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციებისას, 52 კი – 2024-2025 წლების ნოემბერ-თებერვალში მიმდინარე პროევროპულ აქციებზე.
ფორუმი