ისრაელი და სირია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. ინფორმაციას CNN თურქეთში აშშ-ის ელჩ, ტომ ბარაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ და სირიის პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, რომელსაც მხარს თურქეთი, იორდანია და სხვა მეზობელი ქვეყნები უჭერენ.
ამის შესახებ ის პლატფორმა X-ზე წერს.
„ჩვენ მოვუწოდებთ დრუზებს, ბედუინებსა და სუნიტებს, დაყარონ იარაღი და სხვა უმცირესობებთან ერთად, მეზობლებთან მშვიდობიანად და კეთილდღეობის პირობებში, ახალი და ერთიანი სირიული იდენტობა შექმნან“, – წერს თურქეთში აშშ-ის ელჩი.
სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მას შემდეგ ამოქმედდა, რაც ისრაელმა 16 ივლისს საჰაერო დარტყმები განახორციელა დამასკის ცენტრში მდებარე სირიის გენერალური შტაბის შენობაზე.
ისრაელის ოფიციალური განცხადებების თანახმად, ეს იყო მისი პასუხი სირიის სამხრეთში დრუზების უმცირესობასა და ბედუინების დაპირისპირებაში სირიის სამთავრობო ძალების ჩართვაზე.
სირიის ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა მინიმუმ სამი ადამიანი. ერთ-ერთი სირიულ სატელევიზიო არხი პირდაპირ ეთერში გადასცემდა თავდასხმის მომენტს თავდაცვის სამინისტროს შენობაზე. წამყვანი იძულებული გახდა თავშესაფარში გაქცეულიყო.
სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარამ 16 ივლისს ღამით, სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ არმიამ დაიწყო ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ სუვაიდადან გამოსვლა, სადაც სამხედრო ძალები გაგზავნა ადგილობრივი დრუზებისა და ბედუინების შეიარაღებული დაპირისპირების გამო.
სირიის პრეზიდენტმა ისრაელი დაადანაშაულა სირიის ხალხის დაყოფასა და ქვეყნის „ქაოსის ბრძოლის ველად“ გადაქცევის მცდელობაში.
ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ “ისრაელის სახელმწიფო ხელებჩამოშვებული ვერ იდგება, როცა პოტენციური ჯიჰადისტური საფრთხე მაინც არსებობს მის საზღვართან. მეორე, ისრაელის სახელმწიფო ხელებჩამოშვებული ვერ იდგება, როცა ჩვენი მოკავშირეები და ისრაელელთა ოჯახის წევრები – დრუზების თემის ვაჟები და ქალები, ჩვენი განუყოფელი ნაწილი არის თავდასხმისა და საზარელი ხოცვა-ჟლეტის გაგრძელების საფრთხის ქვეშ”.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 18 ივლისს სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან. თურქეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა სირიის კონფლიქტი იყო.
მანამდე, 16 ივლისს, ღამით, რუბიომ განაცხადა, რომ კონფლიქტში ჩართული ყველა მხარე შეთანხმდა კონკრეტულ ნაბიჯებზე სიტუაციის განსამუხტად.
„ეს პროცესი მოითხოვს, რომ ყველა მხარემ შეასრულოს ის ვალდებულებები, რომლებიც აიღო საკუთარ თავზე და სწორედ ამას ველით მათგან“, – დაწერა რუბიომ პლატფორმა X-ზე.
ისრაელის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა ამოს იადლინმა, CNN-ის ეთერში განაცხადა, რომ პროცესში თურქეთის, ისრაელისა და იორდანიის ჩართულობა „ლოგიკური და კონსტრუქციულია“.
„ახლა საკითხავია, როგორ მოიქცევიან ადგილზე მცხოვრები ადამიანები, შეჩერდება თუ არა ორმხრივი შურისძიება“, – თქვა იადლინმა.
სირიის სამხრეთში რამდენიმე დღის წინ განახლდა დრუზებისა და ბედუინების შეიარაღებული დაპირისპირება, რასაც წინ უძღოდა ერთ-ერთი დრუზის მკვლელობა. ესკალაციის გამო სირიის გარდამავალმა მთავრობამ რეგიონში სამხედრო ძალები გაგზავნა.
ფორუმი
