18 ივლისს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ შიკორსკიმ X-ზე დაწერა, რომ ვიქტორ ორბანმა უნგრეთი ევროკავშირი ყველაზე ღარიბ ქვეყნად აქცია, ახლა კი ის ბლოკის “დატოვებით იმუქრება”.
“ეს მუქარა არ მაშინებს, რადგან წლების განმავლობაში, პუტინთან თანამშრომლობით, ის ევროკავშირის საბოტაჟს ეწეოდა. გაფრთხილებთ, აქამდე მივყავართ ქურდობასა და ნაციონალიზმს.” – დაამატა მან.
მალევე შიკორსკის პოსტს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო გამოეხმაურა, რომელმაც პოლონელ კოლეგას ომისმოყვარული რიტორიკის გამოყენებაში დასდო ბრალი.
“საგარეო მინისტრმა შიკორსკიმ აშკარად დაკარგა საღი აზრი და მისი გონება ომის ჟინმა მოიცვა”. – დაწერა სიიარტომ.
შიკორსკიმ კი სიიარტოს შეახსენა, რომ მე-20 საუკუნეში საბჭოთა კავშირმა უნგრეთი ორჯერ დაიპყრო:
“პეტერ, ბუდაპეშტი მე-20 საუკუნეში წითელი არმიის მიერ ორჯერ არის დაპყრობილი, ამიტომ, მოველოდი, რომ სიმპათიით იქნებოდი განწყობილი მამაცი ერის მიმართ, რომელიც ამას დღეს წინააღმდეგობას უწევს. ვაღიარებ, მირჩევნია, უკრაინის მხარდამჭერი ვიყო, ვიდრე პუტინისგან მედალი მქონდეს მიღებული.” – უპასუხა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიიარტოს.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პეტერ სიიარტო 2021 წელს “მეგობრობის ორდენით” დააჯილდოვა. სიიარტოს, რომელმაც თავის დროზე 2021 წელი რუსეთ-უნგრეთის ურთიერთობებში ყველა დროის საუკეთესო წლად დაახასიათა, ჯილდო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გადასცა.