უნდა შევთანხმდეთ, რომ ხაზარაძე და გახარია ვერ იქნებიან ჩვენი თანამებრძოლები. მათ არ აქვთ შნო, რომ იბრძოლონ. შიშმა და არასწორმა დამოკიდებულებამ ისინი ივანიშვილის თანამებრძოლებად აქცია, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
როგორც ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, ამ ორი ფიგურის მიმართ პოლიტიკური იმედი არ უნდა არსებობდეს.
„უნდა შევთანხმდეთ, რომ მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია ვერ იქნებიან თანამებრძოლები. მათ არ აქვთ შნო იმისი, რომ იბრძოლონ და ამ ადამიანების იმედი ბრძოლაში არ უნდა გვქონდეს. კარგად იყვნენ, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ საქართველოს თავისუფლებისთვის და ამ ხალხისთვისაც, ისინიც უნდა გამოვიყვანოთ ციხიდან. მაგრამ, მათთან დამოკიდებულება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვანი – ისინი არ არიან ჩვენი თანამებრძოლები. შიშმა და რაღაცის მიმართ სხვანაირმა დამოკიდებულებამ ისინი გახადა ივანიშვილის თანამებრძოლებად და ჩვენ მათი იმედი არ უნდა გვქონდეს. უნდა შევეგუოთ იმას, რომ ისინი ჩვენი თანამებრძოლები არ არიან. მოცემულობამ მაინც არასწორი ნაბიჯი გადაადგმევინა მათ. დავივიწყოთ, რომ ასეთი თანამებრძოლები გვყავდნენ“,- განაცხადა ფოფხაძემ.
ფოფხაძე აცხადებს, რომ მოქმედ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა მიუღებელია და ერთადერთი გამოსავალი სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობაშია.
როგორც მან აღნიშნა, არჩევნების გაყალბების შემდეგ ოპოზიციამ ართანამშრომლობის პრინციპი აირჩია და დღემდე ამ გზას მიჰყვება.
„არჩევნების გაყალბების მომენტიდან ჩვენ ყველაფერს მივუდექით ართანამშრომლობის პრინციპით და დღემდე ვიცავთ ამ თანმიმდევრულობას. ამ ვითარებაში თანამშრომლობა ნიშნავს რაღაც ცუდს, რადგან თანამშრომლობა ნიშნავს თანამონაწილეობას, შესაბამისად კოლაბორაციონისტულ რეჟიმთან თანამშრომლობა ცუდ საქციელად მიგვაჩნია, უკანონო რეჟიმთან თანამშრომლობად, ამიტომ გამოსავალს ვხედავთ სახალხო პროტესტში.
რვავე პარტიამ ერთმანეთში უნდა მოილაპარაკოს ძალიან ბევრ საკითხზე. საუბარი იმაზე, რომ დღეიდან 4 ოქტომბრამდე გაწერილი გეგმა უნდა არსებობდეს, ისტორია ამის შესაძლებლობას არ მოგვცემს, რადგან ბევრი რამ იცვლება. 4 ოქტომბერი არ არის დღე, რომელზეც ორიენტაცია მაქვს აღებული. არჩევნები ყველა შემთხვევაში ჩვენ მიღმაა. ეს არჩევნები არაფერს ნიშნავს“, – განაცხადა ფოფხაძემ.
ამასთან, ფოფხაძემ ისაუბრა ბადრი ჯაფარიძის დღევანდელი წერილზე, სადაც ის აცხადებს, რომ „სატუსაღოში იმისთვის არიან, რომ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება არ მიეღოთ“.
ფოფხაძის თქმით, ბადრი ჯაფარიძე „ტყუილს ამბობს“, რადგან დააკავეს როგორც ისინი, ვინც წინააღმდეგი იყვნენ არჩევნებში მონაწილეობის, ასევე ისინიც, ვინც თანამშრომლობას დათანხმდა.
„ტყუილს ამბობს ბადრი ჯაფარიძე. ისინი ციხეში იმიტომ ჩასვეს, რომ მათ სჭირდებათ არჩევნებში მონაწილეობა. ეს არის რეალობა. არ შეიძლება ბადრიმ ტყუილი თქვას?! ძალიან თანავუგრძნობ „ლელოს“ და მის ლიდერებს, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არის ის, რაც უნდა რეჟიმს ოპოზიციისგან. მარტო ჩვენ ლიდერებს, რომლებიც წინააღმდეგები იყვნენ არჩევნებში მონაწილეობაზე, ვერ დაიჭერდნენ, ამიტომ დაიჭირეს ყველა, მათ შორის, ვინც თანახმა იყო თანამშრომლობისთვის და ისინიც, ვინც გირაო გადაიხადა, ვინც კომისიაზე მივიდა“,- განაცხადა ფოფხაძემ.
