სრულიად მედია სივრცეს მოვუწოდებდი დღეს, რომ ამ განცხადებაზე არც კი ისაუბრონ იმიტომ, რომ ჩვენ ახალი არაფერი არა თუ გაგვიგია, არამედ ახლა ბატონი კობახიძე საუბრობს ევროპის გამოჯანმრთელებაზე და უსურვებს ევროპას გამოჯანმრთელებას მაშინ, როდესაც საკუთრივ ეს განცხადება არანაირი სიჯანსაღით არ გამოირჩევა, – ამის შესახებ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ყიფიანის თქმით, „ქართული ოცნება“ თანმიმდევრულად მიჰყვება გარკვეულ გეგმას, რომელიც, მისი აზრით, არ არის მხოლოდ ადგილობრივი წარმომავლობის.
„დღევანდელი განცხადება, ალბათ, უფრო ღირებული არის მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან შეიძლება რაიმე შემობრუნება, რაიმე დათმობა, რაიმეს შესმენა ან მიმღებლობა იყოს ევროკავშირისა და ევროპული თემის მოწოდებების მიმართ.
ჩემი ნება რომ იყოს, სრულიად მედია სივრცეს მოვუწოდებდი დღეს, რომ ამ განცხადებაზე არც კი ისაუბრონ იმიტომ, რომ ჩვენ ახალი არაფერი არა თუ გაგვიგია, არამედ ახლა ბატონი კობახიძე საუბრობს ევროპის გამოჯანმრთელებაზე. ევროპას უსურვებს გამოჯანმრთელებას მაშინ, როდესაც საკუთრივ ეს განცხადება არანაირი სიჯანსაღით არ გამოირჩევა არც პოლიტიკურად, არც ეკონომიკურად, არც რაიმე სხვა გაგებით, ამიტომ ყველაზე კარგი პასუხი, ამ შემთხვევაში, იქნებოდა ზედმეტი ყურადღების არდათმობა ამ განცხადებისადმი.
ეს არის, გარკვეულწილად, ცეცხლთან თამაში „ქართული ოცნების“ მხრიდან და იმ სინდიკატის მხრიდან, რომელიც „ოცნებას” უკავშირდება. ამ შემთხვევაში, მთავარია, ჩვენ როგორ რეაგირებას მოვახდენთ მას შემდეგ, რაც ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული [ვიზალიბერალიზაციის გაუქმება] და მოვახდენთ არა მარტო ვიზალიბერალიზაციის შეჩერების კუთხით, არამედ საერთოდ, შექმნილ ვითარებაში ძირეული გარდატეხის შეტანის თვალსაზრისით, თორემ „ქართული ოცნება“ არა ერთი და არა ორი წელია, თანმიმდევრულად მიჰყვება გარკვეულ გეგმას და მე მრჩება წარმოდგენა, რომ ეს გეგმა არ არის მარტო ადგილობრივი წარმომავლობის“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
მისივე შეფასებით, კობახიძის დღევანდელ განცხადებას სახელმწიფოებრიობასთან საერთო არაფერი აქვს.
„ჩემთვის მთავარი არის, რომ ქართულმა პოლიტიკამ ტრაიბალიზმის მდგომარეობიდან გადაინაცვლოს ხვალინდელი დღის პოლიტიკაში, თუნდაც ხვალინდელი დღის პოლიტიკა ატარებდეს ნაციონალიზმის ნიშნებს და ნაციონალიზმში ცუდი არაფერია. „ქართული ოცნების“ მესვეურებს მინდა ვუთხრა: ნაციონალიზმი საკმაოდ ჯანსაღი მიდგომაა, მათ შორის, მცირერიცხოვანი, კომპაქტური ერების გადმოსახედიდან, მაგრამ ის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ და რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ, ამას ნაციონალიზმთან, სახელმწიფოებრივ ნაციონალიზმთან არაფერი საერთო არ აქვს, ეს არის ტრაიბალიზმი, პროვინციალიზმი, ფეოდალიზმი ერთად, ერთ ნარევში თავმოყრილი“, – აღნიშნა ყიფიანმა.
