“მეწარმეს ორი არჩევანი აქვს: ან დათანხმდეს კაბალურ შეთავაზებას ან უარი თქვას ქსელურ მარკეტში შესვლაზე”- “ჟოლის” დამფუძნებელი

ადგილობრივი მწარმოებლებისთვის სუპერმარკეტებში შესვლა და პროდუქტის დახლებზე განთავსება ბარიერებთან არის დაკავშირებული, ამის გამო მათთვის გასაღების ძირითადი არხი აგრარული ბაზრებია. ერთ-ერთი მიზეზი ფასია, რა ნაწილშიც სუპერმარკეტებს ფერმერებთან შედარებით გაცილებით დიდი უპირატესობა აქვს.
ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, მიზეზი, რის გამოც სუპერმარკეტების დახლებზე შეიძლება ქართული წარმოების პროდუქცია ვერ ხვდებოდეს რამდენიმეა. ბარიერები არსებობს, როგორც მეწარმეების, ისე რიტეილის მხარეს. ფერმერთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ კოოპერაციის და გაერთიანების გარეშე წვრილ ფერმერებს უჭირთ იმ მოცულობის და იმ ხარისხის პროდუქციის უწყვეტი მიწოდება, რასაც რიტეილი ითხოვს, თუმცა ამავდროულად პრობლემურია ქსელების მხრიდან ანაზღაურებაც, რომელიც უმეტეს შემთხვევაში თვეები იგვიანებს.
მეწარმეებისთვის ქსელურ მარკეტებში შესვლა დიდ ხარჯებსაც მოითხოვს. მწარმოებლებს გადახდა უწევთ როგორც ქსელში დაშვებისთვის, ისე სხვადასხვა მარკეტინგულ გადასახადს იხდიან, რაც მათი შეფასებით, განსაკუთრებით ფინანსურად დამწყებ მეწარმეებს აზარალებს.
“ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფინანსური დანახარჯი, რაც უწევს მეწარმეს გაიღოს იმისთვის, რომ პროდუქცია მოხვდეს ქსელური მარკეტების დახლებზე. ეს იქნება თავდაპირველი გადასახადი უბრალოდ იმისთვის, რომ პროდუქცია დაიდოს დახლზე, ეს იქნება საკომისიოები, ქეშბექები თუ შემდგომ ფასდაკლებები. ყველაზე დიდი პრობლემა აქ არის ის, რომ მეწარმეს უჭირს ამ თანხის უკან ამოღება. პრაქტიკაში დღეს ასეა, რომ ქსელური მარკეტი გიწესებს მოთხოვნებს – ეს იქნება ფასი, წინასწარი შენატანი თანხის, თუ ა.შ მეწარმეს ორი არჩევანი რჩება, ან დათანხმდეს ამ კაბალურ შეთავაზებას ან უარი თქვას ქსელურ მარკეტში შესვლაზე,”- აცხადებს გურამ სუხაშვილი, საწარმო “ჟოლის” დამფუძნებელი.
იგივე პრობლემაზე მიუთითებს “იმერის” დამფუძნებელიც. მისი თქმით, ყველა ეს გადასახადი, რასაც ქსელები მიმწოდებლებს უწესებს, პროდუქციის ღირებულებაშია გათვალისწინებული, რაც ფასის ზრდას იწვევს.
“ქსელში შესვლასთან დაკავშირებული გადასახადებთან ერთად შენ ამ დროს, ბიზნესს გაქვს უკან დაბრუნების კოეფიციენტი, რომელიც არის მინიმუმ 15%-დან 25%-მდე, ეგეც ფასში უნდა გაითვალისწინო. შესაბამისად, პროდუქტი შემდეგ ძვირდება.
ზოგ ქსელთან იმ თვალსაზრისით ვერ ვთანამშრომლობთ, რომ ძირითადად გვაქვს ხოლმე ფასში აცდენები, ხშირად ქსელს სჭირდება თვითღირებულებაზე იაფად პროდუქტის მიღება ანუ გვაქვს ხარჯები, რასაც ქსელი ხშირ შემთხვევაში არ ითვალისწინებს,”-აცხადებს “იმერის” დამფუძნებელი ნიკა კიკნაძე.
ქსელურ მარკეტებში შესვლასთან დაკავშირებით რიტეილ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ მცირე მეწარმეები განსაკუთრებული პირობებით სარგებლობენ.
“ადგილობრივ მეწარმეებს აქვთ განსხვავებული პირობები. აქვთ საშეღავათო პირობები ქსელში შესვლის დროს, აქვთ შემცირებული მარკეტინგული გადასახადები ან საერთოდ გათავისუფლებული არიან და ა.შ”,- აცხადებს სოფო ქაშაკაშვილი.