იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვაში სავაჭრო გემების მიმართულებით ორი რაკეტა ისროლეს

აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2 იანვარს, იემენის დროით დაახლოებით 21:30 საათზე, ირანის მარიონეტულმა ჰუსიტების დაჯგუფებამ წითელი ზღვის სამხრეთით ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტები ისროლეს.
სავაჭრო გემების ცნობებით, შედეგად დაზიანებები არ ყოფილა, რადგან რაკეტები მათ მიმდებარედ წყალში ჩავარდა. -ს ცენტრალური სარდლობის თქმით, ეს 19 ნოემბრის შემდეგ რიგით 24-ე თავდასხმაა, რომლის სამიზნეც სავაჭრო გემები იყო.
მანამდე, 31 დეკემბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს სამხედრო გემებმა, USS Gravely-იმ და USS Dwight D. Eisenhower-მა, იემენელ ჰუსიტებს ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნეს, რაც წითელი ზღვის სამხრეთში ცურვისას კომერციულ გემ Maersk Hangzhou-ს ჰუსიტები ოთხი კატერით დაესხნენ თავს. შედეგად რამდენიმე ჰუსიტი თავდამსხმელი მოკლეს.
დღეს, 3 იანვარს, გაეროს უშიშროების საბჭო საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების საკითხზე შეხვედრას გამართავს, სადაც, ფრანგი დიპლომატების თქმით, წითელ ზღვაში ჰუსიტების თავდასხმებსაც განიხილავენ.
ღაზაში მიმდინარე ჰამას-ს ომის ფონზე, ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვასა და მიმდებარე წყლებში სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმები გაახშირეს. მათი სამიზნეები ისრაელთან დაკავშირებული გემები და ტანკერებია.
წითელი ზღვა, რომელზეც გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 12% გადის, აზიასა და ევროპას შორის საქონლის გადატანისთვის უმოკლეს და უმნიშვნელოვანეს საზღვაო გზაზე მდებარეობს. წითელი ზღვის რეგიონში სავაჭრო გზებისთვის გაზრდილი საფრთხის გამო აშშ-მ კომერციული გემების დასაცავად პარტნიორებთან ერთად წითელ ზღვაში ოპერაცია კეთილდღეობის მცველი დაიწყო.