პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უარს ამბობს უცხოეთის ქვეყნებში ჩატარებული არჩევნების სამართლიანობისა და ლეგიტიმურობის შეფასების პრაქტიკაზე.
შესაბამისი ინსტრუქცია სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შეერთებული შტატების საელჩოებს 17 ივლისს გაუგზავნა. ამის შესახებ იუწყებიან სააგენტო Reuters-ი და გამოცემა Wall Street Journal-ი, რომლებიც ამ ინსტრუქციის შინაარსს გაეცნენ.
როგორც მედიასაშუალებები წერენ, ახალი მითითების თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტი აღარ გააკეთებს არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებებს და სოციალურ ქსელებში პოსტებს აღარ გამოაქვეყნებს, თუ არ იქნება მკაფიო და დამაჯერებელი საგარეო-პოლიტიკური აუცილებლობა.
თუ უცხოეთის ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებზე კომენტარი საჭიროდ ჩაითვლება, ის უნდა იყოს მოკლე, გამარჯვებულისთვის მილოცვით და საერთო საგარეო- პოლიტიკური ინტერესების ხაზგასმით. თავიდან უნდა იყოს აცილებული არჩევნების სამართლიანობასთან, ლეგიტიმურობასა და დემოკრატიულ ფასეულობებთან შესაბამისობასთან დაკავშირებული შეფასებები.
როგორც მედიასაშუალებები წერენ, ახალი ინსტრუქციის თანახმად, უცხოეთში ჩატარებულ არჩევნებზე განცხადება უნდა გააკეთოს სახელმწიფო მდივანმა, ან სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ხოლო დიპლომატებმა – მხოლოდ უწყების მკაფიო თანხმობის შემთხვევაში.
შიდა მოხმარების დოკუმენტში ნახსენებია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 13 მაისის გამოსვლა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, სადაც მან გააკრიტიკა „დასავლეთის ინტერვენტები“, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს მიუთითებენ, როგორ მართონ საკუთარი საქმეები და განაცხადა, რომ ეს ვაშინგტონს აღარ ეხება და აშშ პარტნიორული ურთიერთობებისკენ მიისწრაფის.
ფორუმი
