გიორგი სიორიძე – უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის შემთხვევაში ათიათასობით მოქალაქე სწავლას და მკურნალობას ვერ შეძლებს, შეჩერდება დროებითი დასაქმების პროგრამები – ამ ყველაფერს უმძიმესი ეკონომიკური შედეგი ექნება

სასამართლოს მხრიდან არანაირი გზავნილი არ არსებობს იმიტომ, რომ სასამართლო ამ ქვეყანაში არის ნომინალური ინსტიტუტი. ის არის „ქართული ოცნების“ ქვედანაყოფი, დეპარტამენტი. წამებში აცხადებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც წინასწარ არის დაწერილი – ყველაფერს არათუ არბილებენ, არამედ აუარესებენ და ეს ადეკვატურად აისახა ევროკავშირის გზავნილში, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც შეაფასა ერთ-ერთი დაკავებულისთვის, ანზორ კვარაცხელიას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.
გარდა ამ საკითხისა, გიორგი სიორიძემ გადაცემაში ისაუბრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადების შესახებ და აღნიშნა, რომ „ავანსცენაზე კვლავ „გლობალური ომის პარტია“ შემოდის.
„ისევ „გლობალური ომის პარტია შემოდის ავანსცენაზე… ეს იმის ნიშანია, რომ „ქართულ ოცნებას“ არც ამერიკასთან, არც ევროკავშირთან ვითარების ნორმალიზების, საგარეო ლეგიტიმაციის მოპოვების არანაირი შანსი არ აქვს, სანამ ამ ქვეყანაში არსებობს სინდისის პატიმრების პრობლემა, პოლიტიკური ლიდერები ჰყავთ ტუსაღებად და ყველა სხვა მიმართულებით ქვეყანაში გაუარესებული მდგომარეობაა“, -განაცხადა სიორიძემ.
მისი თქმით, „ქვეყანაში არსებული ვითარება ადეკვატურად აისახა ევროკავშირის გზავნილსა და დათქმებში, რომელზეც ახლა „ქართული ოცნება“ ცდილობს პროპაგანდა ააგოს“.
„სასამართლოს მხრიდან არანაირი გზავნილი არ არსებობს იმიტომ, რომ სასამართლო ამ ქვეყანაში არის ნომინალური ინსტიტუტი. ის არის „ქართული ოცნების“ ქვედანაყოფი, დეპარტამენტი. წამებში აცხადებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც წინასწარ არის დაწერილი, მოდის პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან და ამას სამარცხვინოდ აღასრულებს, ბეჭედს ურტყამს სასამართლო, მას რეალურად ნოტარიუსის ფუნქცია აქვს. სანამ არსებობს ეს კანონმდებლობა, თავისუფალი მედიის შეზღუდვა, სამოქალაქო სექტორის მოგუდვა, ახლა საუბრობენ პარტიების აკრძალვაზე, ამ ყველაფერს არათუ არბილებენ, არამედ აუარესებენ და ეს ადეკვატურად აისახა ევროკავშირის გზავნილში. ცდილობენ თითი სხვისკენ გაიშვირონ, თითქოს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საფრთხე სხვისი ბრალია, თითქოს „ქართული ოცნება“ „შანტაჟს“ არ დაექვემდებარა, ამის გამო საქართველოს მოქალაქეები უნდა დაზარალდნენ. არადა, სრულიად შესაბამისი და ადეკვატური პასუხებია ისეთი რეჟიმების და სისტემებისა, როგორიც გახდა საქართველო და დაემსგავსა რუსეთსა და ბელარუსს. რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის ქვეყნები ვერ სარგებლობენ პრივილეგიით, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია. ეს არ არის უფლება, ეს ეძლევათ სახელმწიფოებს, რომლებიც გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ და მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ, ბოლო თვეების განმავლობაში, თუ როგორ რადიკალურად და დიამეტრალურად შეიცვალა მდგომარეობა და ყველა მიმართულებით გაუარესდა, რა თქმა უნდა, ამას ექნება პოლიტიკური ფასი „ქართული ოცნებისთვის.
უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის შემთხვევაში ყველაფერი დგება საფრთხის ქვეშ, ათიათასობით მოქალაქე სწავლას და მკურნალობას ვერ შეძლებს, დროებითი დასაქმების პროგრამები შეჩერდება. ამ ყველაფერს ექნება უმძიმესი ეკონომიკური შედეგი, მათ შორის სიღარიბის ზრდის ეფექტი და ეს ყოველივე გადაივლის ჩვენი მოქალაქეების თავზე და ჯიბეზე,“ – განაცხადა სიორიძემ.