ახალგაზრდობის უნარების მსოფლიო დღის აღსანიშნავად, გაეროს ბავშვთა ფონდი ხაზს უსვამს მოზარდებისა და ახალგაზრდების კოგნიტური, ემოციური და სოციალური განვითარების მნიშვნელობას და საქართველოს ახალგაზრდების უნარებისა და კომპეტენციების შესახებ ახალ კვლევას აქვეყნებს.
კერძოდ, როგორც unicef-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით და სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების ბავშვთა უფლებების ცენტრებთან პარტნიორობით, გაეროს ბავშვთა ფონდმა ჩაატარა მიზნობრივი კვლევა მოზარდების უნარებისა და ძირითადი კომპეტენციების შესახებ საქართველოს შვიდ რეგიონში.
კვლევის მიზანი იყო უწყვეტი განათლებისთვის საჭირო უნარებისა და კომპეტენციების შეფასება ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე.
აღინიშნება, რომ ახალგაზრდების წინაშე მდგარი გამოწვევები, კვლევის მიხედვით, მრავალმხრივია და მოიცავს წიგნიერებას, მრავალენოვნებას, მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიასა და მათემატიკას (STEM) განათლებას, ციფრულ კომპეტენციებს, პიროვნულ განვითარებას, მოქალაქეობას, მეწარმეობის უნარებს და მენტალურ ჯანმრთელობას.
რაც შეეხება კვლევის პოზიტიურ მიგნებებს, UNICEF-ის მიერ ჩატარებული ხარისხობრივი კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს შვიდ რეგიონში მოზარდებისა და ახალგაზრდების უნარებისა და კომპეტენციების შესწავლას, მიუთითებს, რომ ახალგაზრდებში მაღალია როგორც მოტივაცია, ასევე სამოქალაქო ცნობიერება.
განათლების სპეციალისტი ნათია ჯოხაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ საქართველოში, ახალგაზრდების 92% ფლობს ინგლისურს ენას, ხოლო 70%-ს სურვილი აქვს, მეორე ევროპული ენაც ისწავლოს.
„UNICEF-ის კვლევა ხარისხობრივი თვისებრივი კვლევა იყო, მცირე მასშტაბის და მისი შედეგების განზოგადება მთელ პოპულაციაზე არ შეიძლება; საქართველოს მასშტაბით ჩვენ მიგნებები გვაქვს იმ პოპულაციაში, სადაც კვლევა ჩავატარეთ. ვინაიდან ეს ხარისხობრივი კვლევა იყო, ის ახალგაზრდობის ჩართულობასაც მოიცავდა, არა მხოლოდ მკვლევრების დასმულ კითხვებს პასუხობდნენ, არამედ თავად გამოთქვამდნენ მოსაზრებებს, წუხილებს და შეხედულებებს.
კვლევის პოზიტიური მიგნებაა, რომ ახალგაზრდებს ძალიან კარგად აქვთ განვითარებული სამოქალაქო კომპეტენცია, რაც კვლევის ერთ-ერთი სფერო იყო.
ახალგაზრდების აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია, რომ მას სჭირდება და უნდა კარგი განათლების მიღება, უნდათ ახალი პროფესიისა და უცხო ენის შესწავლა, ასევე უნარების განვითარება. ახალგაზრდებს ძალიან დიდი მოტივაცია აქვთ და სადაც მოტივაცია მაღალია, სწორი დაგეგმვის შემთხვევაში შედეგი მისაღწევია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ახალგაზრდების 92% ფლობს ინგლისურს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ახალგაზრდები გლობალურ კონტექსტს მოწყვეტილი არა არიან.
ახალგაზრდების 70%-ზე მეტი გამოთქვამს სურვილს, რომ მეორე ევროპული ენა ისწავლოს”,- აღნიშნა ნათია ჯოხაძემ.
