გურამ მაჭარაშვილი – თუ არალეგიტიმურია სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის ცესკო, სად გარბოდნენ და რეგისტრირდებოდნენ, რომ ნომერი შეენარჩუნებინათ? – რად უნდათ ნომერი? მათი კუდი აქ გამოჩნდა, რომელიც დიდია და ვერ მალავენ

თუ არალეგიტიმურია სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის , სად გარბოდნენ და რეგისტრირდებოდნენ, რომ ნომერი შეენარჩუნებინათ? – რად უნდათ ნომერი? მათი კუდი აქ გამოჩნდა, რომელიც ძალიან დიდია და ვერ მალავენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საარჩევნო ნომრების შენარჩუნებისთვის ცესკო-სთვის მიმართვის ფაქტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა „კარგად იციან, რომ არჩევნებში დამარცხდებიან, მაგრამ ეს არის შესაძლებლობა, რომ საკუთარი მარცხი გაამართლონ“.
„ფორმულა, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს, დამარცხდება და თუ არ მიიღებს, ნელ-ნელა პოლიტიკურად გაქრება, ძალაშია. ე.წ. ოთხი გადალახული პარტიიდან არჩევნებში მონაწილეობას ორი აპირებს, თუმცა რეგისტრაციის ბოლო დღემდე იმას უნდა ველოდოთ, რომ შესაძლოა, რამდენიმე პარტიამ გადაწყვეტილება შეცვალოს. ან ვინც მონაწილეობას იღებს, თქვას, რომ აღარ იღებს, ან პირიქით. მათ ერთი-ორი დღით ადრე უცხოეთიდან დაურეკავენ და ეტყვიან, აბა, ბიჭებო და გოგოებო, გავარდით და დარეგისტრირდით, ცესკო-ში, თუ მათი გადაწყვეტილება იქნება. ამიტომ ბუნებრივია, რომ ისინიც კი, ვინც არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს, მაინც ფიქრობს არჩევნებში თავის მომავალზე. თუ არალეგიტიმურია სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის ცესკო, სად გარბოდნენ და რეგისტრირდებოდნენ, რომ ნომერი შეენარჩუნებინათ? – აბა, ამას უპასუხონ. გახარიას და „ლელოს“ ფორმალურად ედავებიან, ინსტიტუტებს რატომ აღიარებთო, მაგრამ თავად რატომ აღიარებენ? – რა ნომერი ექნებათ, რა მნიშვნელობა აქვს, როცა ისინი ამბობენ, რომ ყველაფერი არალეგიტიმურია და აზრი არაფერს აქვს. რად უნდათ ნომერი? მათი კუდი აქ გამოჩნდა, რომელიც ძალიან დიდია და ვერ მალავენ. კარგად იციან, რომ არჩევნებში დამარცხდებიან, მაგრამ ეს არის შესაძლებლობა, რომ საკუთარი მარცხი გაამართლონ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, „კოალიციამ ცვლილებისთვის“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო ნომრების შენარჩუნებისთვის ცესკო-ს მიმართეს.
როგორც პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პარტიამ აღნიშნული პროცედურული განაცხადი გააკეთა, რადგან ნომრის შენარჩუნება დაკავშირებულია პარტიის ეფექტიან საქმიანობასთან და არა „ე.წ. არჩევნებში მონაწილეობასთან“.