რობინ დანიგანი არის არა გადამდგარი, არამედ გადაყენებული ელჩი. გადაყენებული ელჩი როდესაც ჭორებით საუბრობს, ეს არ არის სერიოზული – კონკრეტულმა ელჩებმა- დეგნანმა და დანიგანმა სერიოზული წვლილი შეიტანეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობის თვისებრივად გაუარესებაში, აქედან გამომდინარე, მათ მორალური უფლება არ აქვთ რაიმეზე ისაუბრონ, როდესაც საქმე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას ეხება,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებას შეეხებოდა, სადაც ის აღნიშნავდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის არასაჯარო წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი იყო „მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად მიიღეს ვაშინგტონში“.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, „გადაყენებული ელჩის ჭორაობაზე კომენტარი უადგილოა“.
„ჩვენ ამ საკითხზე კომენტარი გავაკეთეთ. რომ მოგვდიოდა ღია წერილის გაგზავნა, ღია წერილი გაიგზავნებოდა. რობინ დანიგანი არის არა გადამდგარი, არამედ გადაყენებული ელჩი. გადაყენებული ელჩი როდესაც ჭორებით საუბრობს, ეს არ არის სერიოზული. საჯარო წერილი რომ ყოფილიყო გავასაჯაროებდით, რაც საჯარო იყო გავასაჯაროვეთ. რაც შეეხება გადაყენებული ელჩის ჭორაობას, აღნიშნულზე კომენტარი უადგილოა. თქვენ ნახეთ დემონსტრაციულად ერთი და იმავე დღეს დააწერინეს განცხადება ქალბატონ დანიგანს. იმავე დღეს მოგვცეს თანხმობას აქართველოს ელჩის დანიშვნაზე, რაც დემონსტრაციული აქტი იყო. გადააყენეს ადამიანი, დაკავებულია ჭორების გავრცელებით. ეს არ არის სერიოზული.
ჩვენ გვინდა, აღდგეს სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს იყო ჩვენი ყველა წერილის და კომუნიკაციის გაცხადებული შინაარსი. ყველა კომუნიკაციის შინაარსი ეს იყო, ჩვენ გვინდა სუფთა ფურცლიდან აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა.
ბევრი რამ გააფუჭა წინა ადმინისტრაციამ, მათ შორის, კონკრეტულმა ელჩებმა: დეგნანი, დანიგანი, რეალურად მათ სერიოზული წვლილი შეიტანეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობის თვისებრივად გაუარესებაში, აქედან გამომდინარე, მათ მორალური უფლება არ აქვთ რაიმეზე ისაუბრონ, როდესაც საქმე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას ეხება“,- აღნიშნა პრემიერმა.
კითხვაზე, რატომ თქვა ივანიშვილმა უარი რობინ დანიგანთან შეხვედარზე, რათა მოესმინა, რას ფიქრობს ამერიკის შეერთებული შტატები სტრატეგიული ურთიერთობის გადატვირთვაზე, პრემიერმა აღნიშნა, რომ „სანქციების და შანტაჟის პირობებში, არასწორი იქნებოდა მისი მხრიდან ასეთი შეხვედრის გამართვა“.
„მიზეზი მკაფიოდ განმარტა ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ. სანქციების და შანტაჟის პირობებში, რა თქმა უნდა, არასწორი იქნებოდა მისი მხრიდან ასეთი შეხვედრის გამართვა. მან ასევე მიანიშნა ელჩს, რომ არსებობს ხელისუფლება, რომელასც ის უნდა ესაუბროს. კომუნიკაციაზე არავის უთქვამს უარი. პირდაპირი შეთავაზება იყო გაკეთებული, რომ საუბარი დაწყებულიყო იმ ადამიანებთან, რომლებიც არ არიან სუბიექტურად შანტაჟის ქვეშ. მარტივი შეთავაზება იყო გაკეთებული, როდესაც აღნიშნულზე უარი ითქვა, გამძაფრდა შთაბეჭდილება, რომ სწორედ შანტაჟის ფონზე სურდა ელჩს შეხვდა ივანიშვილთან“,- აღნიშნა პრემიერმა.
ამასთან, პრემიერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ როდესაც საუბრობენ „გლობალური ომის პარტიაზე, ისინი არ გულისხმობენ ამერიკის შეერთბულ შტატებს და ევროკავშირს.
„ჩვენ რამდენჯერმე ვთქვით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ვგულისხმობდით გლობალურ ომის პარტიაში. გლობალური ომის პარტიის ქვეშ არ ვგულისხმობთ ამერიკის შეერთბულ შტატებს და ევროკავშირს“,- აღნიშნა პრემიერმა.