თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც რამდენიმე წუთის წინ, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანზორ კვარაცხელიას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს, აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს.
აქციის ორგანიზატორი არის საპროტესტო მოძრაობა „300 ქალი“.
ადგილზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს თვალები აქვთ ახვეული და სხვადასხვა წარწერებით, მათ შორის: „მოგეკითხებათ“, „დაბრმავებული სამართალი“, „უდანაშაულოა“, „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“ მაისურები აცვიათ.
ისინი აპროტესტებენ არამხოლოდ ანზორ კვარაცხელიას მიმართ გამოტანილ განაჩენს, არამედ აქციის მონაწილეების მიმართ მიმდინარე სხვა სასამართლო პროცესებსაც.
როგორც ისინი აცხადებენ, ამ საქმეების გამო ყველა მონაწილე პირს „მოეკითხება“.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ ანზორ კვარაცხელიას და შეუძლოდ გახდა და მასთან სასამართლოს ექიმი გამოიძახეს.
ცნობისთვის, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანზორ კვარაცხელია, რომელსაც პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, მას 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
