აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სპეციალური განცხადებით დაგმო ისრაელის ორი ულტრამემარჯვენე მინისტრის, ითამარ ბენ გვირისა და ბეცალელ სმოტრიჩის სიტყვები, რომლებიც ღაზის სექტორის მოსახლეობის ემიგრაციას ეხებოდა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში მინისტრების განცხადებები შეფასებულია უპასუხისმგებლობად. მიმართვა მათ მოუწოდებს, რომ მსგავსი განცხადებები დაუყოვნებლივ შეწყვიტონ.
“აშშ გმობს ისრაელის მინისტრების, ბეცალელ სმოტრიჩისა და ითამარ ბენ გვირის ბოლო განცხადებებს, რომლებიც მხარს უჭერდა პალესტინელების ღაზიდან გასახლებას. ეს რიტორიკა არის სიტუაციის გამამძაფრებელი და უპასუხისმგებლო. ისრაელის მთავრობას, მათ შორის პრემიერმინისტრს, არაერთხელ უთქვამს, რომ ასეთი განცხადებები არ ასახავს ისრაელის მთავრობის პოლიტიკას. ეს [განცხადებები] დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს”. – წერია განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ღაზის სექტორი დარჩება პალესტინურ მიწად ჰამასისა და სხვა ტერორისტული ჯგუფების გარეშე.
“ჩვენ ვიყავით ცხადები და თანმიმდევრულები, რომ ღაზა პალესტინური მიწაა და დარჩება პალესტინურ მიწად, ჰამასის მიერ მისი კონტროლისა და სხვა ტერორისტული ჯგუფების მიერ ისრაელისთვის საფრთხის შექმნის შესაძლებლობის გარეშე. ეს არის მომავალი, რომელიც გვსურს ისრაელისა და პალესტინელთა, რეგიონისა და მსოფლიოს ინტერესებისთვის”. – წერია განცხადებაში.
ეს არის იშვიათი შემთხვევა, როცა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი სხვა ქვეყნის მთავრობის კონკრეტულ წარმომადგენლებს პირადად, სახელებით მიმართავს. ბენ გვირიც და სმოტრიჩიც არიან ულტრამემარჯვენე პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც ისრაელის პრემიერმინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია ლიქუდთან ერთად კოალიციური მთავრობა შეკრეს.
ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი და ულტრამემარჯვენეთა პარტია ოცმა იეჰუდითის ლიდერი ითამარ ბენ გვირი აშშ-ს განცხადებას გამოეხმაურა და ემიგრაციის მოწოდებები გაიმეორა.
“მე მართლაც ძალიან დიდ პატივს ვცემ ამერიკის შეერთებულ შტატებს, თუმცა, მთელი პატივისცემის მიუხედავად, ჩვენ ამერიკის დროშაზე მყოფი ვარსკვლავი არ ვართ… აშშ ჩვენი საუკეთესო მეგობარია, თუმცა ყველაფერზე წინ გავაკეთებთ იმას, რაც კარგია ისრაელის სახელმწიფოსთვის: ღაზიდან ასიათასობით ადამიანის ემიგრაცია [სასაზღვრო ზონის] მცხოვრებლებს სახლში დაბრუნებისა და უსაფრთხოების, ისრაელის თავდაცვის ძალებს კი თავდაცვის საშუალებას მისცემს”. – თქვა ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა.
აქამდე, 1-ელ იანვარს ბენ გვირმა და სმოტრიჩმა ისაუბრეს ღაზის სექტორში დასახლებების დაბრუნებასა და “მოხალისეობრივი ემიგრაციის” წახალისებაზე.
ქნესეთში გამართული შეხვედრის დროს, ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, ითამარ ბენ გვირმა და ფინანსთა მინისტრმა, ბეცალელ სმოტრიჩმა ხანგრძლივი კონფლიქტის გადაჭრის გზად ღაზის სექტორის პალესტინელი მოსახლეობის მიგრაცია წარადგინეს. ბენ გვირის თქმით, ომი წარმოადგენს “შესაძლებლობას, ღაზის მოსახლეობის მიგრაციის წახალისებაზე კონცენტრირებისთვის”. მან მსგავს პოლიტიკას “სწორი, სამართლიანი, მორალური და ჰუმანური” უწოდა. მისი თქმით, ისრაელმა ღაზის სექტორიდან ძალები არ უნდა გამოიყვანოს და მნიშვნელოვანია აქ ებრაული დასახლებების შენება.
პარალელურად, პარტია რელიგიური სიონიზმის ლიდერმა, ბეცელალ სმოტრიჩმა თქვა, რომ ისრაელისა და პალესტინის მიმდინარე კონფლიქტის “სწორი გადაჭრის გზა” იქნება “ღაზის მოსახლეობის მოხალისეობრივი მიგრაციის წახალისება” იმ ქვეყნების მიმართულებით, სადაც თანახმა იქნებიან, რომ ისინი დევნილებად მიიღონ. მას სჯერა, რომ ისრაელი ღაზის სექტორს მუდმივად გააკონტროლებს, მათ შორის დასახლებების გაშენებით.