გდდ-ს წევრი სასამართლოში ამბობს, რომ აქციაზე სპეცრაზმელებს საიდენტიფიკაციო ნომრები ჰქონდათ

პროევროპული აქციების მონაწილე 11 ადამიანის საქმის განხილვისას, – რომლებსაც გამოძიება ჯგუფურ ძალადობას ედავება, – თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის სპეცრაზმელის, ლაშა გელაშვილის გამოკითხვა. გამოძიების ვერსიით, 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გამართულ ხალხმრავალ აქციაზე მან დაბეჟილობა და კოჭ-წვივის მყესების დაზიანება მიიღო. ამ ღამით პოლციიამ დააკავა 107 დემონსტანტი, რომელთა ნაწილი სასტიკად იყო ნაცემი – ოფიციალური მონაცემებით, ამავე ღამეს დაშავდა 10 პოლიციელი.
ლაშა გელაშვილის გამოკითხვისას, რევაზ კიკნაძის ადვოკატმა თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს გამოძიება საერთოდ არ ედავება 30 რიცხვის მოვლენებს იმიტომ, რომ იქ არ ყოფილა.
– აქედან გამომდინარე, რევაზ კიკნაძესთან გაქვთ პრეტენზია? – ჰკითხა მან მოწმედ გამოცხადებულ სპეცრაზმელს.
– ჯგუფურ ძალადობაში სდებენ ბრალს, არც არაფერს უარვყოფ და არც ვადასტურებ. პირადად ხელს რომ ვადებდე ვინმეს, ასე არ არის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაზე მაქვს პრეტენზია.
ლაშა გელაშვილის ძირითადი მოვალეობა პირობით საზღვართან მდებარე პოსტებზე მორიგეობაა. თავისი მოვალეობის აღწერისას მან სასამრთლოს უთხრა, რომ აქვთ სპეციალური ნომრები, რომლებიც აქციაზე წასვლის წინაც არ მოუხსნია.
ადვოკატის კითხვაზე, რა ნომერია ის და სად უკეთიათ ნომრები, მოწმემ თქვა, რომ თავად 36 ნომერია და ეს ნომერი ჩაფხუტებზე აწერიათ.
ეს არის მეორე სპეცრაზმელი ამ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც იკითხება და პირველი შემთხვევა აქციაზე დაკავებულების საქმეების განხილვისას, როცა გდდ-ს თანამშრომელი ამბობს, რომ მათ საიდენტიფიკაციო ნომრები ჰქონდათ – ამ დრომდე როგორც სახალხო დამცველი, ისე ომბუდსმენი და უფლებადამცველი ორგანიზაციები საუბრობდნენ გამოძიების სირთულეებზე სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ აქციების დაშლაში ჩართულ სპეცრაზმელებს არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვთ.
როგორც ლაშა გელაშვილმა უთხრა სასამართლოს, მის დანაყოფში, რომელსაც ბექა გოგიაშვილი ხელმძღვანელობს, სულ 90 კაცია, რომელთაგან ყველას არ იცნობს.
– როგორ ცნობთ თქვენს უფროსს? – ეკითხება მას გუჯა ავსაჯანიშვილი.
– სიმაღლით, ვიზუალურად…
– შენიღბული არ არის?
– ვიზუალურად ვცნობ.
– როგორ?
– ჩვეულებრივად, სიარულის მანერითაც კი ვცნობ.
– აქციების დროს თუ მოგიწიათ მოქალაქეების დარბევა?
– არა, არა, ჩვენ მხოლოდ წესრიგს ვიცავდით.
– წესრიგის დაცვის ფარგლებში მოგიწიათ თუ არა კონკრეტული მოქმედებების განხორციელება, როგორიცაა ცრემლსადენი გაზი, დაშლა და ა.შ.
– როცა წესრიგს ვიცავდი იქ, მომხვდა ფეხში ქვა… ორი კვირა სახლში ვიყავი. არც დარბევაში მიმიღია მონაწილეობა….
– კადრები რაც ვრცელდებოდა, თუ გინახავთ, სადაც სპეცრაზმლების მსგავსი სამოსით მოქალაქეებზე ძალადობდნენ?
– ტელევიზიებს როგორ არ ვუყურებ, მაგრამ პირადად ეგენი არ მინახავს… არც გამიგია.
– თქვენ ვერ დაინახეთ ქვა ვინ გესროლათ?
– სახეზე არ დამინახავს, შავი ფორმები ეცვათ.
– ფორმას რატომ ეძახით?
– შავი ტანსაცმელი, ჯინსის შარვალი ან რაღაც ეგეთი… ვვარაუდობ, არა, ჯინსის შარვლები ეცვათ ძირითადად…
– მატერიას ამოწმებდით?
– ლურჯი ფერის შარვლები იყო.
– შავი არ იყო? წეღან თქვით.
– შავი ზედები ეცვათ.
– თქვენ დაზუსტებულად შეგიძლიათ ამ ადამიანებზე, ვისაც ჯინსის შარვალი და შავი მაისური ეცვა, რომ ეს ადამიანი არ იყო ან კონფიდენტი ან შეგზავნილი ადამიანი?
– არ ვიცი ვაფშე მსგავსი რაღაცა, დაზუსტებით ვერ ვიტყვი.
– შესაბამისად ხომ იმასაც ვერ იტყვით, რომ ეს ადამიანი სპეციალურად იყო შეგზავნილი?
ადვოკატის ამ კითხვის შემდეგ პროკურატურა კითხვის აცილების შუამდგომლობას აყენებს, მოსამართლე ამ შუამდგომლობას აკმაყოფილებს.
მოწმე სასამართლოს ეუბნება, რომ ისინი პერიოდულად გადიან კურსებს იმისათვის, რომ აქციების დაშლისას სამართლებრივ ფარგლებს არ გასცდნენ და არაკანონიერი გადაწყვეტილებები არ მიიღონ – მისივე თქმით, ბოლოს ასეთი სწავლება ერთი წლის წინ გაიარა. მისი დეპარტამენტის ფუნქცია ანტისამთავრობო, პროევროპულ აქციებზე, ლაშა გელაშვილის თქმით, პარლამენტის შიდა ტერიტორიის დაცვა იყო და პარლამენტის გარეთ რა ხდებოდა, ამას ვერ ხედავდა.
საპროტესტო აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო განხილვების პარალელურად, 28 ნოემბრის შემდეგ აქციებზე მომხდარი ძალადობის ასობით ფაქტზე ამ დრომდე სახელმწიფოს არცერთი წარმომადგენელი არ არის გამოვლენილი და დასჯილი.
ფორუმი