გორში სამი პოლიციელი დაჭრეს და ამასთან დაკავშირებით თუ გაქვთ ჩემთან პრეტენზია?, – ამ კითხვით მიმართა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა ონისე ცხადაძემ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, ლაშა გელაშვილს, რომელმაც დაკავებულების პროცესზე ჩვენება მისცა.
მას თავდაპირველად ცხადაძემ ჰკითხა, თუ რომელ კურსზე სწავლობდა სეუ-ში, რაზეც გელაშვილმა უპასუხა, რომ მეორე კურსზე იყო.
„იურიდიულად არ გაგიციათ პასუხი, გუშინწინ გორში დაჭრეს რამდენიმე პოლიციელი, იცით თუ არა?“ – მიმართა ცხადაძემ მოწმეს. მას კითხვა მოსამართლემ შეაწყვეტინა და უთხრა, რომ აღნიშნული საქმესთან შემხებლობაში არაა.
„ჩემი საქმის ფარგლებშია და არ მაცდით. გორში, გუშინწინ სამი პოლიციელი დაჭრეს და ამასთან დაკავშირებით თუ გაქვთ ჩემთან პრეტენზია? თქვენ იქ ვერ ჩახვალთ, მოწმე ვერ იქნებით, ვიღაც თქვენი თანამშრომელი დაზიანდა და ადამიანურად გული შეგტიკვათ, მაგრამ იურიდიულად პრეტენზია ვერ გექნებათ….
თქვენ როგორ მოქმედებთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ორგანიზება სჭირდება თუ ვისაც რა უნდა, იმას მოქმედებს? ანუ ორგანიზება თუ სჭირდება, ეგ მაინტერესებს”,- მიმართა სპეცრაზმელს ცხადაძემ.
აღნიშნულზე მოწმემ უპასუხა, რომ ის „დავალებას უფრორისგან იღებს”.
„ამას მე არავინ მეკითხება, რასაც მავალებენ, იმას ვასრულებ. ორგანიზება და მსგავსი რაღაცები არ მეხება“,- განაცხადა მოწმემ, მას ცხადაძე კვლავ ჩაეკითხა.
„ვთქვათ, უფროსმა მოგცათ დავალება, ვისაც თქვენი ჯგუფი აბარია, ეს დავალება რომ შესრულდეს, არის თუ არა საჭირო თქვენს შოროს იყოს კომუნიკაცია?“, – იკითხა ცხადაძემ, რასაც გდდ-ს თანამშრომელმა დადებითი პასუხი გასცა.
„თქვენ თქვით, პრეტენზია მაქვს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაზეო, გეტყვით, ჩვენ არავინ, ერთმანეთს არ ვიცნობდით, გამარჯობა არ გვქონდა ერთმანეთისთვის ნათქვამი, ყველა სხვადასხვა კუთხიდან, ყველა სხვადასხვა რეგიონიდან ვართ. ამ საქმეში ორგანიზატორები ვინც არიან, საერთოდ არ ვიცნობ.
დარწმუნებული იყავით, არც სამხედრო და არანაირი გამოცდილება არ მაქვს, იარაღი ხელში არ მჭერია, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, რამე მოხდეს, თქვენზე უკეთ ვიბრძოლებ ცარიელი ხელებით, 29 კბილი მაქვს და გამოვჭამ რუსს ყელსს”,- განაცხადა ცხადაძემ.
სხდომაზე შეუძლოდ იგრძნო თავი ბრალდებულმა სერგეი კუხარჩუკმა, მასთან ექიმი გამოიძახეს და 15 წუთიანი შესვენება გამოცხადდა.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
