თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს პროდასავლურ აქციებზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 დემონსტრანტის სასამართლო სხდომა.
საქმეზე ბრალდებულები არიან ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი.
სერგეი კუხარჩუკისა და რუსლან სივაკოვის ადვოკატებმა თარჯიმნის, დავით გულიაშვილის აცილება მოითხოვეს. მათი თქმით, თარჯიმანმა ბრალდებულებს “უზრდელები” უწოდა და მათთან პოლემიკაში შევიდა, რისი უფლებაც არ აქვს. ამასთან, ადვოკატების განმარტებით, თარჯიმანი არაპროფესიონალურად, არასათანადოდ თარგმნის.
„თარჯიმანი ბრალდებულებს მოიხსენიებს უზრდელად, არცერთ სიტყვას არ უთარგმნის ბრალდებულებს და გვაქვს აცილების საფუძველი, თავის დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს”, – თქვა ადვოკატმა ბექა ხოხობაშვილმა.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის განმარტებით, „არცერთ სხდომაზე არ დაუფიქსირებიათ ბრალდებულებს, რომ თარჯიმანთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდათ”.
„წინა სხდომაზეც იყავით და არ დაგიფიქსირებიათ ეს პრობლემა“, – ადვოკატებსაც მიმართა მოსამართლემ.
ადვოკატების განმარტებით, ბრალდებულებისგან შეიტყვეს, რომ „არ უთარგმნის, პოლემიკაში შედის, შეურაცხყოფას აყენებს [მათ]”.
„თარჯიმანმა თქვა, აქეთ მომაყენა შეურაცხყოფაო, მას შეეძლო დაეფიქსირებინა პოზიცია, რომ ვერ ამყარებს კომუნიკაციას და მას შეეძლო დაეფიქსირებინა ეს ფაქტი.. მათ თქვეს, რომ ქალი, რომელიც წინა სხდომაზე იყო [მისით] კმაყოფილები არიან, ამ თარჯიმანთან აქვთ პროფესიული პრეტენზია. თარჯიმანი ბრალდებულებთან არ უნდა შედიოდეს დავაში”, – განაგრძო შუამდგომლობის დასაბუთება ადვოკატმა ბექა ხოხობაშვილმა.
თარჯიმანმა მუშაობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა – “ამ ვითარებაში არ მინდა მუშაობა”, თქვა მან და მოსამართლის შეკითხვაზე, თუ რას გულისხმობს, უპასუხა: „ეს არის ზეწოლა, ბრალდებული მომმართავდა ისე, როგორც არ უნდა მოემართა თარჯიმნისთვის”.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი: “მაგალითად, რას გეუბნებოდა?”
საუბარში ჩაერთო ადვოკატი: „აცილების საკითხს განვიხილავთ, თქვენი დახმარება არ სჭირდება”.
თარჯიმანმა განაგრძო: „წინა თარჯიმანი უფრო მისაღებია მათთვის”. მოსამართლის შეკითხვაზე, “რაში გამოიხატა გაუგებრობა”, თარჯიმანმა თქვა: „დამცინავი ტონით მელაპარაკებოდნენ…”
„რა უფლება აქვს, უზრდელს რომ უწოდებს?” – ჩაერთო საუბარში ადვოკატი ბექა ხოხობაშვილი.
მოსამართლემ ადვოკატი გააფრთხილა: „მსგავს წამოყვირებას კიდევ ექნება ადგილი და ზომებს მივმართავ”…
თავიანთი დამოკიდებულება გამოთქვეს ბრალდებულებმაც.
„არასაკმარისად პროფესიონალურად თარგმნიან, გაუგებარია სასამართლოს მსვლელობა ჩემთვის”, – თქვა კუხარჩუკმა.
„რას ვერ იგებთ?“ – იკითხა მოსამართლემ. “ვინაიდან სწრაფ რეჟიმში მივდივართ, ნელა რომ გაგრძელდეს, ეს გასაგები იქნება მათთვის? პროცედურული საკითხები არ ესმით?”
ადვოკატების განცხადებით, “ბრალდებულებისთვის სასამართლოს მსვლელობა გაუგებარია”.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა თარჯიმნის შეცვლასთან დაკავშირებით. ახალი თარჯიმნის მოსვლამდე, სასამართლოში შესვენება გამოცხადდა.
ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, რევაზ კიკნაძეს, გიორგი ტერაშვილს, ვალერი თეთრაშვილს, სერგეი კუხარჩუკსა და ირაკლი ქერაშვილს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ მერვე თვეა, არ წყდება დემონსტრაციები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და როგორც აქციის მონაწილეები უწოდებენ, „სინდისის პატიმრების“ გათავისუფლების მოთხოვნით. ხალხმრავალი აქციები გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
აქციების დაწყების შემდეგ, დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ კანონები გაამკაცრა – შეკრებებზე აკრძალა ლაზერების გამოყენება და სახის დაფარვა, გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ასევე 15-დან 60 დღემდე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც. ამ შეზღუდვების ამოქმედების მიუხედავად, დემონსტრაციები შემცირებული მასშტაბით, მაგრამ მაინც არ შეწყვეტილა.
ფორუმი
