„ქართულ ოცნებას“ ვერასდროს გამოუვა ის, რომ ჩვენ გაგვაჩეროს ან გადაგვიყვანოს მათ დღის წესრიგზე, გაგვაკეთებინოს ის, რაც მას უნდა და ეს გამოიხატება ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში შესვლაში, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა მარიკა არევაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, კოალიციის სამივე ლიდერის, ზურა-გირჩი ჯაფარიძის, ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას დაკავება უკავშირდება პოლიტიკურ რეპრესიებს, რადგანაც აბსოლუტურად უსაფუძვლოა ის ბრალდება, რის ფარგლებშიც ისინი ციხეში იმყოფებიან.
„ბრალი ეხება არალეგიტიმური პარლამენტის, რაღაც არარსებული, ე.წ. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობას. გარდა იმისა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისითაც ეს ინსტიტუცია, ამ წუთას, არალეგიტიმურია და შესაბამისად, ვერც კომისია იარსებებდა, ასევე, სუფთა ფორმალური იურიდიული თვალსაზრისითაც, ამ კომისიას არანაირი უფლებამოსილება არ აქვს.
„ქართულ ოცნებას“ ვერასდროს გამოუვა ის, რომ ჩვენ გაგვაჩეროს ან შეგვიყვანოს მათი დღის წესრიგის ფარგლებში, ანუ გაგვაკეთებინოს ის, რაც მას უნდა და ეს გამოიხატება თანამშრომლობაში და ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში შესვლაში. [კოალიციაში] მიმდინარეობს მუშაობა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მდგომარეობის გათვალისწინებით და იმ პირობებში, რომ სამი ლიდერი გვყავს დაკავებული, მაგრამ მინდა გითხრათ, კონკრეტულად პარტია „ახალი“ პროფესიონალი ადამიანებითაა დაკომპლექტებული, რომლებსაც შეგვიძლია შეუფერხებლად გავაგრძელოთ მუშაობა, მათ შორის სტრესულ ვითარებაში და მათ შორის იმ პოლიტიკური რეპრესიების ფარგლებში, რასაც ჩვენ განვიცდით. ჩვენ ვართ ჩვენი ღირებულებების ერთგული და ნამდვილად, ეს ბრძოლა არ გაჩერდება სანამ გამარჯვება არ დადგება“, – განაცხადა მარიკა არევაძემ.
მარიკა არევაძემ მოქალაქეებს 19 ივლისს, თსუ-ს პირველ კორპუსთან დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.
„მიმდინარე ბრძოლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, გარდამტეხი, ამიტომ პრინციპულობითა და „ქართულ ოცნებასთან“ ართანამშრომლობით ბრძოლა გამარჯვებამდეა მისაყვანი“, – აღნიშნა მან.
