კიევსა და ხარკოვზე, რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა

უკრაინის სამაშველო სამსახურის ბოლო მონაცემებით, კიევსა და ხარკოვზე, რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 127-მდე.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური იუწყება, რომ მისი თანამშრომლები ს პოდოლსკის რაიონში ორ ხანძარს აქრობენ, ხოლო ხარკოვში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებისგან გაწმენდა მიმდინარეობს.
ხარკოვის საავადმყოფოშია გადაყვანილი 27 დაშავებული, რომელთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, მტრის ისკანდერებით თავდასხმისას რეგიონში სულ 52 ადამიანი დაშავდა, მათგან 6 ბავშვი, ერთი ქალი კი დაიღუპა.
დღეს დილით, ოკუპანტებმა კიევსა და ხარკოვზე მასიური საჰაერო იერიშები მიიტანეს და თავს “შაჰიდის“ დრონებით, ათეულობით „კინჟალითა“ და რაკეტებით დაესხნენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვამ ათამდე „კინჟალი“ და სხვადასხვა სახის 60 რაკეტა ჩამოაგდო, თუმცა სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.