რუსეთმა ათობით უკრაინელი საქართველოს საზღვართან მოიყვანა და დატოვა

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ქართულ გამშვებ პუნქტ “დარიალსა” და რუსულ გამშვებ პუნქტ “ზემო ლარსს” შორის ათობით უკრაინელი გაუსაძლის პირობებში იმყოფება. ისინი რუსეთმა ჯერ დაადეპორტა, შემდეგ კი საქართველოს საზღვართან მიიყვანა და იქ დატოვა.
მათ არ აქვთ უფლება რუსეთში დაბრუნდნენ. თუმცა არც სხვაგან აქვთ წასასვლელი. ერთადერთი გზა მათი სამშობლოში დაბრუნებაა. თუმცა, ტექნიკურად, არც ამის მოხერხებაა მარტივი საქმე.
BBC-ს ინფორმაციით, დაახლოებით ერთი თვის წინ, ივნისში, 30 მათგანი, რომლებსაც ჰქონდათ უკრაინის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთები, ქართველმა სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში წაიყვანეს და მოლდოვაში გაუშვეს. კიშინიოვში ჩასულები ავტობუსით გაუშვეს ოდესისკენ. ეს ყველაფერი -მოლდოვა-საქართველოს შორის კომუნიკაციით მოხერხდა და იგეგმებოდა, ასე დაებრუნებინათ სამშობლოში სხვებიც.
როგორც BBC-ს ჟურნალისტს ამ დრომდე ლარსზე მყოფი უკრაინელები უყვებიან, მეორე ნაკადში სამი უკრაინელის გაყვანა იგეგმებოდა. თუმცა გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე ქართველმა სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ მოლდოვა მათ მიღებაზე უარს ამბობდა.
ოფიციალური განმარტება არც მოლდოვისა და არც უკრაინის მხარეს არ გაუკეთებია, მაგრამ BBC ესაუბრა ორგანიზაცია “უკრაინელი პატიმრების დაცვის” წარმომადგენელ ანა სკრიპკას, რომელიც ვარაუდს გამოთქვამს უარის მიზეზებზე. სკრიპკას ინფორმაციით, ქართულმა მხარემ უკრაინელები საზღვრიდან აეროპორტამდე მიიყვანა და სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ მოლდოვაში გაფრენამდე. მაშინ, როცა კიშინიოვში ჩასულები ავტობუსში ჩასვეს და ოდესაში დამოუკიდებლად გაუშვეს. სკრიპკას ინფორმაციით, ოთხმა უკრაინელმა საზღვარი არ გადაკვეთა და, როგორც ჩანს, მოლდოვაში დარჩა. რისი უფლებაც მათ არ ჰქონდათ. უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ მოლდოვის უარის მიზეზი სწორედ ეს გახდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ საქართველო მზად არის, ხელი შეუწყოს მათ სამშობლოში დაბრუნებას, როგორც კი უკრაინა და მოლდოვა შეთანხმდებიან.
“აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინის მხრიდან მოლდოვის რესპუბლიკასთან, ვინაიდან სახმელეთო საზღვრით არის შესაძლებელი ამ პირების დაბრუნება. ბოლო პერიოდში 40-მდე პირი მსგავსი გზით უკვე დაბრუნდა უკრაინის რესპუბლიკაში, თუმცა ბოლო პერიოდში გარკვეულწილად შეჩერდა ეს პროცესი. როგორც ჩვენთვის ცნობილია და როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, მოლდოვური მხარე არის წინააღმდეგი, რომ გაატაროს ეს პირები, თუმცა გრძელდება მათთან მოლაპარაკებები. როგორც კი იქნება მათი მხრიდან შეთანხმება მიღწეული, საქართველო იღებს პასუხისმგებლობას, რომ ხელი შეუწყოს დარიალის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, დაბრუნდნენ სამშობლოში”, – დარახველიძის ამ კომენტარს “რუსთავი 2” ავრცელებს.
სასაზღვრო გამშვებ პუნქტ “დარიალის” უფროსის მოადგილე, ლუკა პაატაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე დაახლოებით 80 ადამიანია საზღვართან. მისივე თქმით, მათ ნაწილს საერთოდ არ აქვს საკმარისი დოკუმენტაცია და დადასტურებით იმის თქმაც უჭირს, არიან თუ არა ისინი უკრაინის მოქალაქეები. პაატაშვილის კომენტარსაც “რუსთავლი 2” ავრცელებს.
ვინ არიან და რა პირობებში იმყოფებიან ეს ადამიანები?
BBC-ის ინფორმაციით, ათობით ადამიანი ცხოვრობს სარდაფში, რომელსაც არ აქვს ფანჯრები. იქ არ არის ვენტილაცია და ავეჯი. სივიწროვის გამო რიგრიგობით იძინებენ.
მათ შორის არიან როგორც რიგითი უკრაინელები, რომლებიც ს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ისე ყოფილი პატიმრები, რომლებიც რუსულ ოკუპაციამდე უკრაინულ ციხეებში იხდიდნენ სასჯელს. დარახველიძეც და პაატაშივლიც ამბობენ, რომ მათი უმეტესობა მძიმე და განსაკურებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული იყო. თუმცა, BBC-ის ინფორმაციით, ყველა მათგანი ყოფილი პატიმარი არ არის. ყოველ შემთხვევაში, ისინი უკრაინულ ციხეებში არ იხდიდნენს სასჯელს.
ერთ-ერთი მათგანი, სერგეი, BBC-სთან საუბრისას ამბობს, რომ 2014 წელს, ს ანექსიის შემდეგ, რუსეთში წაიყვანეს, სადაც გაასამართლეს [დეტალები უცნობია] და დაახლოებით 10 წელი ვოლგოგრადის ციხეში გაატარა. პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ უთხრეს, რომ დაადეპორტეს. ჯერ წაიყვანეს უცხოელთა დროებითი დაკავების ცენტრში, 6 თვის შემდეგ კი, ივნისის შუა რიცხვებში, ლარსზე მიიყვანეს და საქართველოს საზღვართან დატოვეს.
მისი თქმით, ბადრაგებმა რუს მესაზღვრეებს ჩააბარეს. მესაზღვრეები 5 საათის განმავლობაში ამოწმებდნენ, ბოლოს კი უთხრეს, რომ მის დეპორტაციას ვერ შეძლებდნენ, რადგან მის პასპორტს ვადა ჰქონდა გასული, ამიტომ ისევ უცხოელთა დაკავების ცენტრში უნდა გადაეყვანათ. თუმცა ცენტრი მის მიღებაზე უარს ამბობდა. როგორც ჩანს, რუსეთის სახელმწიფო უწყებებისთვის გაურკვეველი იყო, რა უნდა ექნათ მისთვის. საბოლოოდ, სერგეი ვლადიკავკაზში წაიყვანეს, იქ საბუთები გაუკეთეს, შემდეგ ამ საბუთებზე დეპორტის ბეჭედი დაუსვეს, ისევ ლარსთან მიიყვანეს და საქართველოს გამშვები პუნქტისკენ გამოუშვეს.
ის იხსენებს ქართველ მესაზღვრეებთან შეხვედრასაც. ამბობს, რომ აგრესიულად შეხვდნენ და ჰკითხეს, რატომ იყო იქ. სიტუაციაში გარკვევის შემდეგ კი იმ სარდაფში ჩაიყვანეს, სადაც ათობით მისნაირი გამოცდილების მქონე ადამიანი დახვდა.
სერგეი BBC-ის ჟურნალისტს უყვება, რომ მასაც და სხვებსაც რუსული პასპორტი შესთავაზეს, თუ უკრაინის წინააღმდეგ იბრძოლებდა.
ამ წინადადებაზე უარი თქვა.
BBC-ის ინფორმაციით, რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინელები პერიოდულად მიჰყავთ საქართველოს საზღვართან და იქ ტოვებენ. ისინი ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე კვირაში მათი რაოდენობა იზრდება, რაც მათ ყოველდღიურ ყოფას უფრო ართულებს, რადგან სარდაფი, რომელშიც ისედაც რთულ პირობებში არიან, ფიზიკურად ვეღარ იტევს.
BBC-ის ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვართან მყოფ უკრაინელებს შორის სამი ქალია. თუმცა, განცალკევებულ სივრცეში არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ არსებულ ვიდეოზე – აშკარად ჩანს მონტაჟის კვალი და გამოძიებაც ვერ უარყოფს, რომ ზედ ტიტრები აქვს დადებული – ეს არის მტკიცებულება, რომელიც სასამართლომ მხედველობაში ვერანაირად ვერ უნდა მიიღოს