ზვიად ცეცხლაძის ადვოკატი – ექსპერტმა განაცხადა, თითქოს ყურის ბიბილოს, თვალის ქუთუთოს და ზომის ნიშნებით ამოიცნო – დასკვნა ამ ნაწილში არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი

ექსპერტი გაცდა მისი უფლებამოსილების ფარგლებს და ისაუბრა მონტაჟის კვალთან დაკავშირებით იმის მიუხედავად, რომ არ ყოფილა კითხვები დასმული, – ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და მისი ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძის ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა, სადაც ჰაპიდოსკოპიური ექსპერტიზის ჩამტარებელი პირი დაიკითხა.
ადვოკატის თქმით, დებულების თანახმად ექსპერტმა მხოლოდ კითხვების დასმის შემთხვევაში და მისი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა ისაუბროს.
„დღეს დაიკითხა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის ჩამტარებელი პირი, რომლის წინაშეც იყო დასმული კითხვები – გამოსახულებაში, ვიდეომასალაში და ასევე ამოღებულ ფოტომასალაში იყო თუ არა გამოსახული ზვიად ცეცხლაძე და იყო თუ არა კონკრეტული ნიმუში ვარგისი ექსპერტიზის ჩასატარებლად. აღნიშნულმა ექსპერტმა, იმის მიუხედავად, რომ მას ჰქონდა ჩატარებული ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, ძალიან ვრცლად ისაუბრა და გაცდა მისი, როგორც ექსპერტის უფლებამოსილებას. მან ისაუბრა ვიდეოკამერის ჩანაწერის და ფოტოს მონტაჟთან დაკავშირებით, უწყვეტობასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად ცდება ყოველგვარი ექსპერტიზის და კონკრეტულად ამ ექსპერტისთვის დადგენილ უფლებამოსილების ფარგლებს.
რაც შეეხება ამოსაცნობი ნიშნების იდენტურობასთან დაკავშირებით ექსპერტმა არსებითად განსხვავებულ ფოტოზე და განსხვავებული მახასიათებლების ფარგლებში უპასუხა, რომ თითქოს მან ყურის ბიბილოს, თვალის ქუთუთოს და თვალის ზომის ნიშნებით ამოიცნო. აბსოლუტურად შეუსაბამო ყურის ფორმის, ქუთუთოს, ცხვირის ფორმის შედარების შემთხვევაში, ექსპერტმა დაწერა ამ ნიშნებით იდენტურობა, რაც აბსოლუტურად ცდება რეალურობის ფარგლებს. ექსპერტიზის დასკვნა ამ ნაწილში არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და მოგვიანებით დასკვნით სიტყვაში შევაჯამებთ რატომ არ უნდა გაიზიაროს სასამართლომ“, – განაცხადა დავით ჭიკაიძემ.