მამუკა ხაზარაძე მიესალმება „ლელო — ძლიერი საქართველოსა“ და გახარიას გუნდებს შორის ერთობლივი მემორანდუმის გაფორმებას.
„3 თვეში გარდამტეხი ბრძოლა გველოდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არ დავტოვოთ ოპოზიციური ამომრჩეველი არჩევნების გარეშე და ხელი არ შევუწყოთ იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უპრობლემოდ დაისაკუთროს ყველა ქალაქისა თუ რეგიონის ადგილობრივი წარმომადგენლობა, რადგან სწორედ ეს იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი საყრდენი და პლაცდარმი საბოლოო გამარჯვებისთვის“, — ნათქვამია ხაზარაძის წერილში, რომელიც Facebook-ის მის გვერდზე გამოქვეყნდა.
ხაზარაძე ამბობს, რომ ქართველ ხალხს ხელიდან ბერკეტი არ უნდა გამოაცალონ.
„ბოიკოტი კი სწორედ „ქართული ოცნების“, ანუ რუსული ძალის ჩაბეტონებას შეუწყობს ხელს ადგილობრივ დონეზე. არ შეიძლება ამის გაკეთება. ხალხს და განსაკუთრებით ოპოზიციურ ამომრჩეველს სჭირდება დაცვა ყველა დონეზე — ეს დამატებითი ბრძოლის ველია მიუხედავად უთანასწორო მდგომარეობისა“, — აცხადებს ხაზარაძე.
მისი თქმით, მიზანი უცვლელია — ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და სინდისის პატიმრების გათავისუფლება!
„ჩვენ ყოველთვის ვიყავით ერთობის ინიციატორები. დღეს, როდესაც ქვეყანას რუსული პოლიტიკა სრულიად იპყრობს, ყველაფერი პირადი უკან უნდა გადავწიოთ და ვიფიქროთ ერთობლივ ბრძოლაზე. ეს მემორანდუმი სწორედ ამის დასტურია. მოვუწოდებ ყველას, შემოგვიერთდნენ ამ ბრძოლაში!“ — წერს ხაზარაძე.
გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ და კოალიციამ „ლელო — ძლიერი საქართველო“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმი ითვალისწინებს საერთო, პარტიულად ნეიტრალური მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებზე ან ისეთ პარტიულ კანდიდატებზე შეთანხმებას, რომლებსაც ერთობლივად დაუჭერენ მხარს და გამორიცხავენ ერთმანეთთან წინასაარჩევნო ურთიერთკონკურენციას.
ენმ, კოალიცია „ცვლილებებისთვის“, „თავისუფლების მოედანი“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ფედერალისტები“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტს ემხრობიან.
