“სათუოა, რომ ჩვენ EU-ის როუმინგის სივრცეში გაერთიანებას შევძლებთ ”- რას კარგავს საქართველო?

“რადიო თავისუფლება” წერს, რომ შეჩერდა ასოცირების შეთანხმების ტელეკომუნიკაციის შესახებ დანართის [როუმინგი] პრიორიტეტული გეგმის განხილვა და მუშაობა ცვლილებებზე. ასევე შეჩერდა ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების ერთობლივი აღიარება. შექმნილი ვითარების გამო, საქართველო აღარ იქნება ზონის – „იმოგზაურე როგორც სახლში “ – ნაწილი, მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით.
ჯერჯერობით პროცესების შეჩერება ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა INEX PHONE გენერალური დირექტორი და მმართველი პარტნიორი რატი ახვლედიანი “საქმის კურსთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ამ პირობებში ნაკლებად სავარაუდოა რომ საქართველომ შეძლოს ამ სივრცეში გაერთიანება.
მისი შეფასებით, ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვების შემთხვევაში საქართველო კარგავს შესაძლებლობას რომ მომხმარებლებმა ხარჯები შეამცირონ და ევროპაში მოგზაურობის დროს ისარგებლონ სატელეკომუნიკაციო სერვისებით იმ ფასად, რა ფასადაც საქართველოში სარგებლობენ.
“პირველ რიგში, უზარმაზარი კომფორტია – წარმოიდგინეთ არ გიწევს ფიქრი, წახვიდეთ უცხოეთში და იქ როგორ იყოთ კავშირზე, როგორ დაიჭიროთ ინტერნეტი ან როგორ მიიღოთ ზარი. მეორე რიგში, ეს ყველაფერი იგივე ხარჯი იქნება თქვენთვის, რაც საქართველოში, თუ ჩვენ შევძელით და გავხდით ამ “ჰომის” წევრი, მაგრამ ეს ძალიან სათუო არის, რომ ჩვენ შევძლებთ და გავხდებით ალიანსის წევრები. მით უმეტეს დღევანდელ დღეს მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდა, ვიდრე ეს იყო ერთი ან ორი ორი წლის წინ.
მომხმარებლები ბევრ რამეს კარგავენ, ერთის მხრივ ეზრდებათ ხარჯი და დისკომფორტი. ქვეყნისთვის ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება შეუმციროს მომხმარებელს ხარჯი, რაც შეიძლება კომფორტულად მიაწოდოს ყველა ის სერვისი, რაც ქვეყანაში იქმნება. ამ ყველაფერზე ფაქტობრივად გაერთიანებაში არ შესვლით უარს ვამბობთ და სერიოზულ პრობლემებს უჩენს მომხმარებელს.
ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ზუსტად ეს არის, რომ ამ მხრიდან შეხედოს ქვეყანამ, სფერომ, რეგულატორმაც, მთავრობამ და ასე შემდეგ და ყველანაირი ზომა უნდა მივიღოთ იმისთვის, რომ ვეცადოთ ამ გაერთიანებაში შევიდეთ. ერთის მხრივ ტურისტულადაც უფრო მიმზიდველი გახდება ქვეყანა. უფრო მეტი შემომსვლელი ტურისტი გაჩნდება ქვეყანაში და მეორეს მხრივ საქართველოდანაც წახალისდება ტურიზმი,“- ამბობს INEX PHONE გენერალური დირექტორი და მმართველი პარტნიორი რატი ახვლედიანი.