ვის ეკუთვნის საქართველოში მოქმედი ტელევიზიები?

წარმოგიდგენთ ინფორმაციას საქართველოში ტელევიზიების მესაკუთრეების შესახებ.
ტელეიმედი
ტელეკომპანია “იმედის” 100%-იანი წილი ეკუთვნის 2008 წელს საქართველოში რეგისტრირებულ შპს-ს “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს”, რომელიც თავისმხრივ სრულად ეკუთვნის ნიდერლანდებში 2021 წელს რეგისტრირებულ კომპანია “მედია ფაინენს გრუპს”, რომელიც ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგის საკუთრებაშია.
ტელეკომპანია იმედის წინა მესაკუთრე ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი იყო, რომელმაც ტელევიზია 2021 წლის აგვისტოში ის ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგს გადასცა.
ბიზნეს რეესტრის თანახმად, “ტელეიმედის” გენერალური დირექტორის პოსტს მარიამ ლომიძე იკავებს, ხოლო ირაკლი რუხაძე კი არხის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტეა.
ტელეიმედს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე მნიშვნელოვანი საგადასახადო დავალიანება აქვს. 2025 წლის მდგომარეობით არხის ვალი ბიუჯეტის წინაშე 17 მილიონ ლარს შეადგენს. ფინანსური ანგარიშის თანახმად, რაც 2023 წელს ასახავს, ტელევიზიას წლის განმავლობაში 53 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა. ფინანსური ანგარიშის თანახმად, ტელევიზია წლიდან წლამდე ზარალზეა და ის დამფუძნებლებთან დაკავშირებული კომპანიების ვალებით ფინანსდება.
· “იმედის” შემოსავალი 2023 წელს – 32,194,607 ლარი, კლება წინა წელთან 33%;
· “ტელეიმედის” ზარალი 2023 წელს – 53,293,387 ლარი, ზარალის ზრდა წინა წელთან 218%;
· “ტელეიმედის” მიერ წლების განმავლობაში დაგროვილი ზარალი – 388,045,177 ლარი.
რუსთავი 2
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ლიცენზიით ბაზარზე კომპანია “მედია ჰოლდინგი” ოპერირებს. საქმე ისაა, რომ წარსულში რუსთავი 2-ის ლიცენზიით თავად სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” ოპერირებდა, თუმცა “რუსთავი 2-მა”, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს 2019 წლის გადაწყვეტილებით ბიზნესმენ ქიბარ ხავლაშის საკუთრებაშია, 2021 წელს კომპანია “პრაიმ ტაიმთან” ერთად დააფუძნა სს “მედია ჰოლდინგი”. კომპანიაში რუსთავი 2-ის წილი 10%-ს, “პრაიმ ტაიმის” წილი კი 90%-ს შეადგენს. თავის მხრივ, “პრაიმ ტაიმში” 50%-50%-იანი წილები ეკუთვნით თამარ ფხაკაძეს და გიორგი ქუთათელაძეს.
თავად გიორგი ქუთათელაძე დაკავშირებულია ჯორჯიან მანგანეზის ჰოლდინგთან და მასთან დაკავშირებულ ფირმებში ფიგურირებს. თავად ჯორჯიან მანგანეზი 2017 წლიდან სახელმწიფო სპეციალური მართვის ქვეშ იმყოფება. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორის პოსტს პაატა სალია იკავებდა, ამჟამად სალია ქართული ოცნების იუსტიციის მინისტრია.
შემოსავლების სამსახურის თანახმად, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე მნიშვნელოვანი საგადასახადო დავალიანება აქვს. 2025 წლის მდგომარეობით არხის ვალი ბიუჯეტის წინაშე 25მილიონ ლარს შეადგენს. ფინანსური ანგარიშის თანახმად, რაც 2023 წელს ასახავს, ტელევიზიას წლის განმავლობაში 31 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა. ფინანსური ანგარიშის თანახმად, ტელევიზია წლიდან წლამდე ზარალზეა და ის დამფუძნებლებთან დაკავშირებული კომპანიების ვალებით ფინანსდება.
· “რუსთავი 2”-ის შემოსავალი 2023 წელს – 14,288,062 ლარი, ზრდა წინა წელთან 40%;
· “რუსთავი 2”-ის ზარალი 2023 წელს – 31,002,413 ლარი, ზარალის ზრდა წინა წელთან 18%;
· “რუსთავი 2”-ის მიერ წლების განმავლობაში დაგროვილი ზარალი – 72,229,175 ლარი.
საზოგადოებრივი მაუწყებელი
საზოგადოებრივი მაუწყებელი 100%-ით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტელევიზაა. არხის რეიტინგი TVMR-ის ტელევიზიების რეიტინგის თანახმად, 2025 წლის ივნისის მდგომარეობით არხის რეიტინგი მხოლოდ 4.2%-ს შეადგენდა (იმედი 24.4%; ტვ პირველი 12.88%; ფორმულა 7.93%; GDS – 6.1%; მაესტრო 2.8%). კომერციულ ტელევიზიებთან შედარებით დაბალი რეიტინგის მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვეყანაში ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე არხია, რადგანაც ის სახელმწიფო დაფინანსებით ოპერირებს.
არხის შემოსავალმა 2024 წელს 87 მილიონი ლარი შეადგინა. საზმაუს გენერალური დირექტორის პოსტს თინათინ ბერძენიშვილი იკავებს.
ტვ პირველი
ტელეკომპანია “პირველი” 2014 წელს ბიზნესმენმა ვატო წერეთელმა დააფუძნა. ის არხის 100%-ის წილს ფლობს. წერეთელი ამასთანავე ტელევიზიის გენერალური დირექტორის პოსტს იკავებს.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, ტელევიზიას 2023 წელს 5.5 მილიონი ლარის შემოსავალი და 3.8 მილიონი ლარის ზარალი გააჩნდა.
· ტვ პირველის შემოსავალი 2023 წელს – 5,555,877 ლარი, კლება წინა წელთან 12%;
· ტვ პირველის ზარალი 2023 წელს – 3,862,217 ლარი, ზარალის მატება წინა წელთან 14%;
· ტვ პირველის მიერ წლების განმავლობაში დაგროვილი ზარალი – 12,468,633 ლარი.
ტელეკომპანია ფორმულა
ტელეკომპანია “ფორმულა” 2019 წელს დაფუძნდა. ტელეკომპანიის აქციონერი 2025 წლის მარტამდე ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი იყო, არსებული მდგომარეობით კი ფორმულას აქციონერები არიან: მიშა მშვილდაძე – 38%; ზურაბ გუმბერიძე – 32%; გიორგი ლიფონავა – 2% და ირაკლი საღინაძე 2%. ტელეკომპანიის დირექტორის პოსტს მიშა მშვილდაძე იკავებს.
ტელეკომპანია ფორმულას ფინანსური ანგარიშის თანახმად, არხს 4.7 მილიონი ლარის შემოსავალი და 42 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა. არხი ძირითადად დამფუძნებლებთან დაკავშირებული კომპანიების შენატანებით ფინანსდება.
· შემოსავალი 2023 წელს – 4,765,794 ლარი, კლება წინა წელთან 10%;
· ზარალი 2023 წელს – 42,119,306 ლარი, ზარალის მატება წინა წელთან 98%;
· წლების განმავლობაში დაგროვილი ზარალი – 125,629,509 ლარი.
პოსტვ
ტელეკომპანია პოსტვ 2017 წელს დაფუძნდა. არხის 52%-ის მფლობელია ქართული ოცნების დეპუტატი, ბიზნესმენი ვიქტორ ჯაფარიძე. ამასთან, არხის 24%-ს ფლობს შალვა რამიშვილი, ხოლო თემურ ჭარელაშვილი კი 24%-ს. პოსტვ-ის დირექტორის პოსტს თემურ ჭარელაშვილი იკავებს.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2023 წელს პოსტვ-ს 7.5 მილიონი ლარის შემოსავალი და 6.8 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა.
· შემოსავალი 2023 წელს – 7,489,977 ლარი, ზრდა წინა წელთან 48%;
· ზარალი 2023 წელს – 6,788,346 ლარი, ზარალის მატება წინა წელთან 12%;
· ჯამურად არხის მიერ დაგროვილი ზარალი – 6,799,946 ლარი
GDS
ტელეკომპანია GDS-ი 2012 წელს დაფუძნდა. წლების განმავლობაში არხის 100%-ის მესაკუთრე იყო, თუმცა 2021 წელს ტელეკომპანია “ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის” საკუთრებაში გადავიდა, რომელიც ასევე ფლობს ტელეკომპანია “იმედს”. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით GDS-ის მფლობელია ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგი.
ტელეკომპანიას საინფორმაციო სამსახური არ აქვს და გასართობი პროგრამებით მაუწყებლობს. 2023 წელს GDS-ის შემოსავალი 3.4 მილიონ ლარს შეადგენდა.
“მაესტრო”
ტელეკომპანია “მაესტროს” აქციონერები არიან – გიორგი გაჩეჩილაძე – 55%;
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგი – მედია ფინანს გრუპ ბი.ვი – 25%; მამუკა ღლონტი – 15% და ეკა აკობია – 5%. ტელევიზიის დირექტორის პოსტს ზურაბ ნაყეური იკავებს.
ტელევიზიას 2023 წელს 376 ათასი ლარის შემოსავალი და 4.3 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა. ამასთან, ტელევიზიას მუდმივად ზარალზე ოპერირებით წლების განმავლობაში 82 მილიონი ლარის დაგროვილი ზარალი აქვს.