“ქართულ ოცნებას“ თავად სურს, რომ შეწყდეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა – რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს რაღაც ტიპის უკმაყოფილებას, მაგრამ “ქართულ ოცნებას” იმედი აქვს, რომ ამ უკმაყოფილებასაც ჩაახშობს ან “გაატარებს”, – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ თვითონ უნდა გაიაზროს, რა გზაზე დააყენა “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანა.
“ჩვენ, ვისაც კარგად გვესმის, თუ როგორ მუშაობს ევროკავშირი, უკვე დიდი ხნის განმავლობაში ხმამაღლა ვსაუბრობდით იმაზე, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება მხოლოდ დროის საკითხია იქიდან გამომდინარე, რომ ის, რასაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი საქართველოში, ასე სახელმწიფოს მართვა და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ერთმანეთთან შეუთავსებელია, შესაბამისად, როდესაც კომისია დაწერდა დასკვნას, რომ საქართველო ვეღარ ასრულებს შესაბამის სტანდარტებს, ეს ისედაც თავისთავად მოხდებოდა.
არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ “ქართული ოცნება” რაიმეს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლა არ შეწყვიტოს საქართველოსთან. “ქართულმა ოცნებამ” მიიყვანა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე. ორი წლის წინ რატომ არ გვეუბნებოდნენ, უვიზო მიმოსვლა შეჩერდებაო? თუ გადავხედავთ, რა ტრაექტორიითაც მიდის საქართველო და რასაც აკეთებს “ქართული ოცნება”, იმის შედეგია, რასთანაც მივდივართ უკვე უვიზო მიმოსვლასთან და სხვა რაღაცებთან დაკავშირებით იმიტომ, რომ მარტო უვიზო მომისვლა არ შეწყდება, შეჩერდება ასოცირების ხელშეკრულებაც, ჩამოგვართმევენ კანდიდატის სტატუსს და გაჩერდება ყველა დანარჩენი სიკეთე, რომელიც ევროკავშირთან არის დაკავშირებული.
“ქართული ოცნება” არაფერს გააკეთებს ამის შესაჩერებლად, მას თავად სურს, რომ შეწყდეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. მაშინ რა ლოგიკაა ირაკლი კობახიძის განცხადებაში, რომელიც არჩევნების შემდეგ გააკეთა და თქვა, რომ ჩვენ ცალმხრივად ვწყვეტთ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესსო?! უვიზო მიმოსვლის შეჩერება უფრი დიდი ინსტრუმენტია, შესაბამისად, “ქართული ოცნება” შეეცდება, ეს ინსტრუმენტი ევროკავშირს გამოაყენებინოს ახლა – მაშინ, როდესაც თავს შედარებით უფრო ძლიერად გრძნობს ან მიაჩნია, რომ პროტესტი ისეთი ძლიერი აღარ არის. მე დარწმუნებული ვარ, “ქართულ ოცნებას” სურს, რომ ეს მოხდეს. რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს რაღაც ტიპის უკმაყოფილებას, მაგრამ იმედი აქვს, რომ ამ უკმაყოფილებასაც ჩაახშობს ან “გაატარებს”.
საზოგადოებამ თვითონ უნდა გაიაზროს, რა გზაზე დააყენა “ქართულმა ოცნებამ” ეს ქვეყანა, რომ მის გამო საქართველო დაკარგავს ყველა ევროპულ სიკეთეს და პირველი იქნება უვიზო მიმოსვლა”, – აღნიშნა რუხაძემ.
მისივე თქმით, უვიზო მომისვლა გაჩერდება არა იმიტომ, რომ ვიღაცას დაასანქცირებენ ან ვერ დაასანქცირებენ, არამედ იმიტომ, რომ საქართველო აღარ არის ის ქვეყანა, რომელსაც ეკუთვნის უვიზო მიმოსვლა.
“ევროკავშირს სავიზო პოლიტიკა ევროპასთან სხვანაირი აქვს და სხვა კონტინენტებთან სხვაგვარი. შესაძლოა, სხვა კონტინენტზე იყოს ქვეყანა, რომელშიც არ არის დემოკრატია კლასიკური გაგებით, მაგალითად, გაერთიანებული ემირატები, რომელთანაც ევროკავშირს აქვს უვიზო მიმოსვლა, მაგრამ ევროპის კონტინენტზე თუ ქვეყანაში დემოკრატია არ არის, უვიზო მიმოსვლა არ აქვს ევროკავშირს.
უვიზო მომისვლა გაჩერდება არა იმიტომ, რომ ვიღაცას დაასანქცირებენ ან ვერ დაასანქცირებენ, არამედ იმიტომ, რომ საქართველო აღარ არის ის ქვეყანა, რომელსაც ეკუთვნის უვიზო მიმოსვლა. შესაბამისად, ამ ტიპის სახელმწიფოსთან უვიზო მიმოსვლის დატოვება არის შეუძლებელი.
დაასანქცირებენ თუ ვერ დაასანქცირებენ მაღალჩინოსნებს, უვიზო მიმოსვლას მაინც გააჩერებენ, თუ ის არ შესრულდა, რაზეც არის საუბარი. თუ ამ ადამიანებს დაასანქცირებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უვიზო მიმოსვლას არ შეაჩერებენ”, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.
