აქტივისტი: ნინო დათაშილს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ექიმი ჯერ კიდევ არ შესულა

აქტივისტი ნინო კალანდია ნინო დათაშვილისთვის შექმნილ “ფეისბუქ” ჯგუფში წერს, რომ ნინო დათაშვილს ხერხემალთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა აქვს, თუმცა ექიმი მასთან ჯერ კიდევ არ შესულა.
აქტივისტის თქმით, სახალხო დამცველის აპარატს დაუკავშირდა და ისინი დაპირდნენ, რომ აღნიშნულის შესახებ ლევან იოსელიანის თანაშემწეს გადასცემდნენ.
“ნინო დათაშვილმა დამირეკა ციხიდან. აქვს ჯანმრთელობის, კერძოდ ხერხემალთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა. ერთი ფეხი აქვს გაშეშებული და აქვს ძლიერი ტკივილები. მთხოვა, იქნებ რამენაირად მოვაგვაროთ მისთვის ექიმის მიყვანა. ამას ითხოვს უკვე დიდი ხანია. ამასთან დაკავშირებით წერილი გაეგზავნა სახალხო დამცველის აპარატს. დაიწყეს ამაზე მუშაობა, თუმცა ექიმი ჯერ კიდევ არ შესულა ნინოსთან. დავრეკე სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე და ვუთხარი ნინოს მდგომარეობის შესახებ, ვთხოვე საკითხზე სწრაფი რეაგირება.
ასევე, ვითხოვე ლევან იოსელიანთან შეხვედრა, რომ უფრო დაწვრილებით ვუთხრა ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ჩაინიშნეს და დამპირდნენ, რომ რეაგირება ექნებათ სწრაფი, ასევე დამპირდნენ, რომ გადასცემენ იოსელიანის თანაშემწეს, შეათანხმოს მასთან ჩემი შეხვედრის ამბავი.
ველოდები სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან სწრაფ მოქმედებებს. როგორც კი რამე ახალი ინფორმაცია მექნება ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ისევ დავწერ აქ”, – წერს აქტივისტი.
სამოქალაქო აქტივისტი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნინო დათაშვილი სასამართლოს მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით 20 ივნისს დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნ.დ. დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, — ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.