ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ „სირცხვილიას“ აქტივისტების, ნოდარ რუხაძის და გიორგი მჟავანაძის მიმართ შეკრებისა და გაერთიანების უფლება დაარღვია.
საქმე ეხება ნოდარ რუხაძის და გიორგი მჟავანაძის ადმინისტრაციული წესით დაკავებას 2020 წლის 9 ნოემბრის აქციაზე. სამოქალაქო აქტივისტები პოლიციის კანონიერი ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით იმ დროს დააკავეს, როდესაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შეშის მიტანას ცდილობდნენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნოდარ რუხაძეს 1,000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, გიორგი მჟავანაძეს 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
რუხაძე და მჟავანაძე ჩიოდნენ, რომ მათ მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 (სამართლიანი სასამართლოს უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლები. მჟავანაძე ასევე ჩიოდა №7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის (სასამართლო განაჩენის გასაჩივრების უფლება) დარღვევაზე, რადგან სააპელაციო სასამართლომ მისი საჩივარი არსებითად არ განიხილა.
სტრასბურგის სასამართლომ საჩივარი დასაშვებად ცნო კონვენციის მე-6 და მე-11 მუხლების საფუძველზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი მიუღებლად ცნო.
სასამართლომ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა მხოლოდ ნოდარ რუხაძის მიმართ დაადგინა.
ასევე დაადგინა, რომ ორივე განმცხადებლის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-11 მუხლი — შეკრებისა და გაერთიანების უფლება.
საქართველოს დაეკისრა გიორგი მჟავანაძისთვის 1,200 ევროს არამატერიალური ზიანის და ნოდარ რუხაძისთვის 1,600 ევროს არამატერიალური და 529 ევროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
„2021 წელს ვათენებდი რა ღამეებს ამ და სხვა საჩივრებზე მუშაობისას, მჯეროდა, რომ სიმართლეს, რასაც სასამართლოს ყრუ კედლებში დაუზარებლად ვიმეორებდი, ოდესმე ვინმე დადებითი პასუხით გამოეხმაურებოდა და იტყოდა, რომ არ შეიძლება ადამიანები მხოლოდ პოლიციელის ჩვენებით გასამართლდნენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პოლიციელს ჰქონდა საშუალება, სამხრე კამერა ჩაერთო და ნეიტრალური მტკიცებულება შეექმნა. არ შეიძლება სამართალდამრღვევად მიჩნეულ პირს მისი უდანაშაულობა ამტკიცებინო. თუმცა ეს არ ყოფილან ის მოსამართლეები, გაყინული თვალებით რომ გვიყურებენ ხოლმე და ერთი სული აქვთ, სიტყვა დაასრულო, რომ ის გადაწყვეტილება გამოაცხადონ, რაც საქმის დაწყებამდე გადაწყვეტილი აქვთ. ალბათ, ოდესმე სტრასბურგის ეს გადაწყვეტილებები უკეთესი პოლიციის, უკეთესი სასამართლოს, უკეთესი ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების და უკეთესი საქართველოს ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს“, — წერს ედუარდ მარიკაშვილი.
GDI-ის წარმომადგენელი ედუარდ მარიკაშვილი სტრასბურგის სასამართლოში მომჩივნების უფლებებს წარმოადგენდა.
