ეკონომიკის სამინისტროში საკადრო ცვლილებებია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში საკადრო ცვლილებებია.
როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, „პირადი განცხადებების საფუძველზე“ თანამდებობები დატოვეს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა და გასულ კვირას — საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსმა (ალექსანდრე ახვლედიანმა).
„ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტს ალექსანდრე სოხაძე უხელმძღვანელებს, ხოლო ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) გენერალურ დირექტორად თორნიკე ყაზარაშვილი დაინიშნა“, — ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„თორნიკე დარგის პროფესიონალია და კარგად იცნობს ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობებს და გამოწვევებს. ესკოს უდიდესი წვლილი მიუძღვის ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სექტორის სტაბილურობის შენარჩუნებაში და დარწმუნებული ვარ, უწყების ახალი ხელმძღვანელი თავის პროფესიონალ გუნდთან ერთად წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ ამოცანებს“, — ასე წარუდგინა „ქართული ოცნების“ ეკონომიკის ახალმა მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თორნიკე ყაზარაშვილი უწყების თანამშრომლებს.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ამ დრომდე ლევან გამყრელიძე ხელმძღვანელობდა, ხოლო ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი იყო. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს აწ უკვე ყოფილი უფროსი ალექსი ახვლედიანი ფიგურირებს თორნიკე რიჟვაძის საქმეში. ის თავდაპირველად დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, შემდეგ კი თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)