საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი, „კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ ეხმაურება სადგურის მოედნის მიმდებარედ, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ავარიული სახლის ფასადის ჩამონგრევას, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თბილისის მერია ადასტურებს, რომ შენობის ავარიულობის შესახებ მათთვის ცნობილი იყო, თუმცა ამბობს, რომ სახლის ჩანაცვლებაზე ყველა მესაკუთრის თანხმობა არ იყო. მერიის ამ არგუმენტის პასუხად „კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ იშველიებს 2 წლის წინ თბილისის საკრებულოს მიერ შეცვლილ დადგენილებას, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტს უფლება მიეცა ყველა ბინის მესაკუთრის თანხმობის გარეშე დაიწყოს მუშაობა ავარიული სახლის ჩანაცვლებაზე.
„მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და დიდუბის გამგეობა ინფორმირებული იყო აღნიშნული შენობის ავარიულობის შესახებ, მეტიც – დადგენილი ჰქონდა ავარიულობის ხარისხი, კახა კალაძე დღეს ებღაუჭება ერთადერთ არგუმენტს, რომ შენობის ჩანაცვლებაზე მესაკუთრეთა 100%-იანი თანხმობა არ იყო, თუმცა როგორც თბილისის საკრებულოს 2023 წლის 27 იანვრის №21-1 დადგენილებით ირკვევა, ავარიული მრავალბინიანი კორპუსების ჩანაცვლებისთვის სავალდებულო თანხმობის ნაწილში ცვლილებები უკვე ორ წელზე მეტია, შესულია“, – აცხადებს „კონსტიტუციის 78-ე მუხლი“.
ამასთან, „კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ განცხადებით, კითხვას აჩენს ისიც, რომ ამ ავარიული შენობის წინ მოწყობილი იყო პარკირება და ბოლო ორ წელში გაცემული სავაჭრო ობიექტებისთვის სარეკლამო აბრების მოწყობის ნებართვები.
„გარდა ამისა, როგორც კახა კალაძის განცხადებიდან ირკვევა, მერიისა და საკრებულოს შესაბამისი სამსახურები ინფორმირებულნი იყვნენ შენობის იმ ხარისხის ავარიულობაზე, რომ ის საჭიროებდა დემონტაჟს. ამ ფონზე, თბილისის მერიამ, მაგალითად, 2024 წლის 27 მაისსა და 2025 წლის 16 აპრილს გასცა სავაჭრო ობიექტებისთვის სარეკლამო აბრების მოწყობის ნებართვები, რომელიც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე tas.ge საჯაროდ იძებნება (AR11033208 და AR11084015). ამავე შენობის წინ თბილისის მერიის მიერვე მოწყობილია ზონალურ – საათობრივი პარკირება.
ჩნდება კითხვა, რას ელოდა თბილისის მერია? ზემოაღნიშნული ნებართვებით რატომ მისცა ავარიულ შენობაში სავაჭრო ობიექტებს ფუნქციონირების შესაძლებლობა და რატომ არ შეზღუდა შენობის გარეთ გარე ვაჭრობა? რატომ მოაწყო შენობის წინ საპარკინგე სივრცე და სახლის ჩანაცვლებაზე თუნდაც უარის თქმის მიუხედავად, რატომ არ უზრუნველყო როგორც ადგილობრივი მცხოვრებლების, ისე შენობის მიმდებარედ გამვლელი ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა?“ – აცხადებს „კონსტიტუციის 78-ე მუხლი“.
„კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ განცხადებით, ამ შემთხვევითაც დასტურდება, რამდენად გულგრილი და უპასუხისმგებლოა სისტემა ადამიანის, მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მიმართ.
„[დასტურდება] როგორ ვერ შეძლო თვითმმართველობამ შეექმნა ისეთი საბინაო პოლიტიკა, რომლის იმედად, ავარიული საცხოვრებელი სახლების მცხოვრებლები თამამად მიიღებდნენ ჩანაცვლების პროექტში ჩართვის გადაწყვეტილებას და არ შეაშინებდათ ყოველთვიური კომპენსაციის სიმცირე, რომლითაც ოჯახისთვის საკმარისი საცხოვრებელი ფართის დაქირავება დღესდღეობით, პრაქტიკულად შეუძლებელია?
აღნიშნულ კითხვებს შესაძლოა ათასგვარი პასუხი გაეცეს და მათ შორის იყოს კვლავ მცხოვრებთა დადანაშაულება, თუმცა მომხდარის ფონზე საზოგადოება კარგად ხედავს, რომ არ არსებობს ადამიანის უსაფრთხოების იმგვარი მექანიზმები, რომლითაც სახელმწიფო პასუხისმგებლობით მოეკიდება და დაიცავს ადამიანის სიცოცხლის უფლებას, როგორც ავარიული შენობის მესაკუთრის, ისე რიგითი გამვლელის, როგორც ზრდასრულის, ისე ბავშვისას.
ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს. სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე ფუჭად ემსხვერპლა იმას, რისთვისაც საკმარისი უნდა ყოფილიყო არჩეული პირის პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება“, – აცხადებს „კონსტიტუციის 78-ე მუხლი“.
14 ივლისს, სადგურის მოედნის მიმდებარედ, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ავარიული სახლის ფასადის ჩამონგრევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ კორპუსის ჩამონგრევას უბედური შემთხვევა უწოდა. კორპუსის მოსახლეობას შესთავაზეს ქირით გადასვლა შენობის დემონტაჟისა და მისი ჩანაცვლების პერიოდში, თუმცა კორპუსის ყველა მოსახლე არ იყო ამაზე თანახმა.
