ბაჩიაშვილის ცემის ფაქტზე ციხის დირექტორის პასუხისმგებლობის დადგენას ითხოვს „კოალიცია ცვლილებებისთვის“

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, პატიმრობაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილის საკანში ცემის ფაქტზე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის, დავით გოგობერიშვილის პასუხისმგებლობის დადგენას ითხოვს.
კოალიციის წევრი, გიგა ლემონჯავა აცხადებს, რომ ციხეში, ბაჩიაშვილის ცემას ჰყავს ორგანიზატორი და ამ ორგანიზატორად ის დავით გოგობერიშვილს ასახელებს:
„ის, რაც გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ჩაიდინეს, არის არა უბრალოდ ძალადობა ან ცემა, არამედ კლასიკური გაგებით წამების დანაშაულია.
დავით გოგობერიშვილს შევახსენებ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა, სეკუნდა და ტერცია მუხლების შესაბამისად, დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 17 წლის ვადით.
რეჟიმის პირობებშიც კი მისი სახელი და გვარი გახდება ცნობილი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, საერთაშორისო პარტნიორისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავით გოგობერიშვილი დასანქცირდეს რეჟიმის პირობებშიც კი.
ის არის გიორგი ბაჩიაშვილის წამების აქტის ორგანიზატორი და ის აუცილებლად აგებს პასუხს კანონის სრული სიმკაცრით“, – აცხადებს გიგა ლემონჯავა.
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელზე, პატიმრობაში მყოფ გიორგი ბაჩიაშვილზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია 14 ივლისს გავრცელდა. მალევე, გიორგი ბაჩიაშვილის ვრცელი წერილი გაავრცელეს, მისმა ადვოკატებმა, სადაც პატიმარი წერს, რომ მას, 11 ივლისს, ფიზიკურად გაუსწორდა საკანში მისთვის უცნობი პირი. მისივე ინფორმაციით, მანამდე, 8 ივლისს, ის #8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია სთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა.
გიორგი ბაჩიაშვილს დასჭიდა სამედიცინო დახმარება. 11 ივლისს ის საპატიმროდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, თუმცა იმავე ღამეს დააბრუნეს #8 დაწესებულებაში. მომდევნო დღეს „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რჩება.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, რომლითაც უწყება ციხეში გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტს გამოეხმაურა, ეს იყო „მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი“.
2025 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილ „პირად ფინანსისტს“, გიორგი ბაჩიაშვილს, დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა „კრიპტოვალუტების საქმეზე“.
გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.
ბრალდება 9-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. ბაჩიაშვილს ამ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით პატიმრობა მიუსაჯეს.
ივანიშვილის ყოფილი მოკავშირე ბრალდებულად ცნეს როგორც „დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში“, ასევე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში“, ანუ ფულის გათეთრებაში.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავეს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და ს ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი”, – აცხადებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
წითელ ხიდსა და სადახლოს შორის დაახლოებით 20 კმ-იანი მონაკვეთია. სუსი არ აზუსტებს, სომხეთის საზღვართან იყო ის თუ აზერბაიჯანის.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ბაჩიაშვილი დააკავეს „გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად”.
გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოდან ფარულად იყო წასული და მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.
გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფმა განაცხადა, რომ ბაჩიაშვილი საქართველოში „იძულებით დააბრუნეს” და მას წამების საფრთხე ემუქრება.
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წელს აღიძრა.
პროკურატურა ბაჩიაშვილს 39 215 820 დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მილიონი ლარის გირაო შეუფარდა.
ფორუმი