სადგურის მოადანთან ჩამონგრეული შენობის გაწმენდითი სამუშაოებისას მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარს მიაგნეს. როგორც ადგილზე განაცხადა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ “ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები. ახლა დამატებით უკვე ნაპოვნი იქნა ერთი გარდაცვლილი. როგორც თავიდან მოგახსენეთ, ერთი გადაცვლილი იყო, ახლა დაემატა კიდევ ერთი გარდაცვლილი“, – განაცხადა სირაძემ.
მისივე ინფორმაციით, სულ ამ დროისთვის გარდაცლილია ორი ადამიანი ერთი კაცი და ერთი ქალი. დაღუპულების ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
თევდორე მღვდლის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის ფასადის ნაწილი 14 ივლისის საღამოს ჩამოინგრა.
შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით ამ დროისთვის 23:20 საათისთვის დაზუსტებული ინფორმაციით, “მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა, რომელიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილია სტაციონარში”.
დაშავებული 49 წლის ქალია, მრავლობითი ტრავმებით, ის კლინიკა “გლობალმედში” იმყოფება, ამის შესახებ კლინიკის გენერალურმა დირექტორმა სოფიო ბაბუციძემ განაცხადა.
ადგილობრივების ინფორმაციით, შენობა ავარიული იყო და ეს იცოდა დედაქალაქის მერიამაც.
ინფორმაციის შენობის ავარიულობის შესახებ დაადასტურა თბილისის მერმა კახა კალაძემ, მისი სიტყვებით შენობას ავარიულობის მეხუთე ხარისხი ჰქონდა.
მოგვიანებით, ავარიულობის ხარისხზე საუბრისას თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა ადგილზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ შენობას ავარიულობის მესამე ხარისხი ჰქონდა მინიჭებული (საცხოვრებლად საშიში) და მაცხოვრებლებთან მიმდინარეობდა კომინიკაცია შენობის დაცლაზე, თუმცა ყველა მათგანისგან თანხმობა ვერ მიიღეს.
“წელიწადზე მეტია ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია გვაქვს როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი, ამის შესაბამისი დოკუმენტაციებიც არსებობს მერიაში და მუნიციპალიტეტში. გარკვეული რაოდენობის ოჯახები დაგვთანხმდნენ და გავიყვანეთ ქირით, თუმცა დღევანდელი კანონმდებლოს გათვალისწინებით კერძო საკუთრებიდან იძულებით მოსახლის გამოყვანის უფლება არ გაქვს, თუნდაც ახალი კორპუსის ჩანაცვლების მიზნით, თუ ამაზე მოსახლეობა თანხმობას არ განაცხადებს. სწორედ ამიტომ იყო და ამ კორპუსის ავარიულობის გათვალისწინებით იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში კომუნიკაცია მოსახლეობასთან, თუმცა სამწუხროდ, ნაწილი არ დაგვთანხმდა ქირით გაყვანაზე და ახალი კორპუსის მშენებლობაზე“, – განაცხადა ბენდელიანმა.
ადვილზე ასევე იმყოფებოდა და შენობა დაათვალიერა თბილისის საკრებულოს საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯომარემ ნიკო კახეთელიძემ, მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ “ეს შენობა არის 50-იანი წლების, როდესაც რკინა-ბეტონის კონსტრუქცია არ იხმარებოდა, შესაბამისად ის პარაპეტი რაც ჩამოინგრა, ეს იყო, თავის დროზე, შენობის დეაკორაციისთვის გამოყენებული ელემენტი”.
მისივე თქმით, არსებობს ოქმები, რომ “დაზიანების მესამე კატეგორია” ჰქონდა შენობას მინიჭებული, და რომ “მესამე კატეგორიის დაზიანება არ გულისხმობს შენობის შემოღობვას”, – ასე უპასუხა, მან ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ არ იყო დაცული გარშემო პერიმეტრი.
ადგილზე სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით კორპუსის მობინადრეებს დროებით სასტუმროში განათავსებენ.
ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესი ეხება თბილისში არსებულ ყველა იმ შენობა-ნაგებობას, რომელთა ავარიულობის ხარისხიც მიეკუთვნება III, IV ან V კატეგორიას, ანუ ისეთი დაზიანებულია, რომ მასში ცხოვრება საფრთხის შემცველია. ამგვარ შენობებში მცხოვრებლებს ქალაქმა შეიძლება შესთავაზოს საცხოვრებლად გადასვლა ახალ შენობაში, რომელიც შესაძლოა იმავე ტერიტორიაზე აშენდეს, სადაც ავარიული სახლი იდგა, ან მის სიახლოვეს. ახალ შენობაში ბინის პატრონი მიიღებს მხოლოდ იმხელა ფართის ბინას, რამხელაც იყო მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართობი: სხვენები, სარდაფები და ავტოფარეხები გათვალისწინებული არ იქნება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ნიშნავს და ისჯება ჯარიმით ან 2 წლამდე გამასწორებელი სამუშაოთი, ანდა თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე.
ფორუმი
