“მოხდა უბედური შემთხვევა”, – კახა კალაძე სადგურის მოედანზე კორპუსის ჩამონგრევაზე

თბილისის მერმა მ სადგურის მოედანზე კორპუსის ჩამონგრევას უბედური შემთხვევა უწოდა.
მისი თქმით, კორპუსის მოსახლეობას შესთავაზეს ქირით გადასვლა შენობის დემონტაჟისა და მისი ჩანაცვლების პერიოდში, თუმცა კორპუსის ყველა მოსახლე არ იყო ამაზე თანახმა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ჩამონგრეული კორპუსის მდგომარეობის შესახებ მერიაში იცოდნენ და ეს შენობა რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა.
“სამწუხაროდ, მოხდა უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც 1 ადამიანი გარდაიცვალა და ერთ ადამიანს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
თვითონ კორპუსს რაც შეეხება, იყო ავარიული, მეხუთე კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. ამის შესახებ იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ, არაერთი შეხვედრა გაიმართა დიდუბის რაიონის გამგეობაში. შევთავაზეთ, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში, რითაც ჩვენ უზრუნველყოფდით აღნიშნული კორპუსის დემონტაჟს და ახალი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს. იცით, რომ ასეთი პროგრამის განხორციელებას სჭირდება მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა. ამას, სამწუხაროდ ვერ მივაღწიეთ. რამდენიმე ოჯახი, რომელმაც თანხმობა განაცხადა, გაყვანილია ქირით, თუმცა დანარჩენებმა ამ ეტაპზე უარი თქვეს.
ავარიული შენობა-ნაგებობები საკმაოდ ბევრია მუნიციპალიტეტში. პროგრამა, რომელსაც ჩვენ წარვუდგენთ, ამ ადამიანებს სთავაზობს, კორპუსის ჩანაცვლებამდე ქირით გადასვლა”, – თქვა კალაძემ მედიასთან.