„ჩვენი ქვეყანა თხილის ექსპორტიორი ქვეყნების მსოფლიო შვიდეულში შედის“ – დავით სონღულაშვილი

„ჩვენი ქვეყანა თხილის ექსპორტიორი ქვეყნების მსოფლიო შვიდეულში შედის“ – დავით სონღულაშვილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ გიორგი დარჩიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში მეთხილე ფერმერებს შეხვდა.
შეხვედრა ფერმერ გიორგი ზაქარაიას თხილის პლანტაციაში გაიმართა. გიორგი ზაქარაია სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. მან თხილის ბაღის გაშენებისა და სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის შესყიდვის მიზნობრიობით შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით ისარგებლა.
„სახელმწიფო ბოლო რამდენიმე წელია არაერთ პროგრამას ახორციელებს მეთხილე ფერმერების მხარდასაჭერად. ამ მხარდაჭერის შედეგია, რომ საქართველოში თხილი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტის მქონე სასოფლო-სამეურნეო კულტურად იქცა. ჩვენი ქვეყანა თხილის ექსპორტიორი ქვეყნების მსოფლიო შვიდეულში შედის. მაღალი ხარისხის უხვი მოსავალი არის წინაპირობა, რომ ჩვენს ფერმერებს ჰქონდეთ მაღალი შემოსავლები. სახელმწიფო ფაქტობრივად ყველა მიმართულებით უდგას მათ მხარში – პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტის ფარგლებში, 2,9 მლნ ლარით არის თანადაფინანსებული 1,100 ჰექტარზე თხილის კულტურის გაშენება; ქვეყანაში შექმნილია და გამართულად ფუნქციონირებს საშრობ-შემნახველი ინფრასტრუქტურა; სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსებულია თხილის გადამმუშავებელი და შემნახველი 25 საწარმო; მასშტაბური ღონისძიებები მიმდინარეობს ფაროსანას წინააღმდეგ“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ თხილის პირველადი წარმოების განვითარების მიმართულებით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი 41.8 მლნ ლარს აღემატება. ხორციელდება თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაც. პროგრამას მთელი ქვეყნის მასშტაბით, 90 ათასზე მეტი მოსარგებლე ჰყავს, რომლებიც თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების შესაძენად ფინანსურ დახმარებას იღებენ. ფერმერებმა წელს უკვე მიიღეს დაახლოებით 17,7 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება; ქულების დარიცხვა გრძელდება და ეტაპობრივად დაერიცხება ყველა იმ პირს, ვინც პროგრამის პირობებს აკმაყოფილებს.
2024 წელს თხილის წარმოება გასულ წელთან შედარებით 18%-ით გაიზარდა და 43.6 ათასი ტონა შეადგინა. გაზრდილი მოსავლის შესაბამისად, გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებლები და მარკეტინგული წლის განმავლობაში – 2024 წლის 1 აგვისტოდან, 2025 წლის 13 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტირებულია 118.9 მლნ დოლარის ღირებულების თხილი (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა – 44%-ია). თხილის ექსპორტის ზრდა თხილის მოსავლის ხარისხობრივი მაჩვენებლის გაუმჯობესებამ განაპირობა, რაც სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამების პირდაპირი შედეგია.
მინისტრთან ერთად, პარლამენტის წევრი , გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს